Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ICC-ს მოსამართლეებმა არ დააკმაყოფილეს პროკურორის მოთხოვნა ავღანეთში გამოძიების დაწყებაზე


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ 12 აპრილს ჰააგის ტრიბუნალის წინასასამართლო პალატამ ერთსულოვნად უარი განუცხადა პროკურორს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სავარაუდოდ ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების გამოძიების დაწყებაზე.

მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ეტაპზე ავღანეთის საკითხზე გამოძიების დაწყება არ მოემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს. წინასასამართლო პალატა შედგება მოსამართლეებისგან: ანტუან კესია-მბე მინდუა (რომელიც პალატის გადაწყვეტილებას განსხვავებულ მოსაზრებას დაურთავს), ტომოკო აკანე და როსარიო სალვატორე აიტალა.

2017 წლის 20 ნოემბერს ჰააგის ტრიბუნალის პროკურორმა წინასასამართლო პალატისგან მოითხოვა ავტორიზაცია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დასაწყებად. პროკურორის ოფისი მოიაზრებდა დროის პერიოდს 2003 წლის 1 მაისიდან, აგრეთვე ავღანეთის კონფლიქტთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულებს, რომლებიც შეიძლება ჩადენილი ყოფილიყო რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე 2002 წლის 1 ივლისიდან.

წინასასამართლო პალატამ დეტალურად შეამოწმა პროკურორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და ჩათვალა, რომ მოთხოვნა ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს ვარაუდისთვის, რომ ავღანეთში ჩადენილი იყო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში არსებული დანაშაულები და პოტენციურად გამოვლინდება სასამართლოს მიერ განსასჯელი საქმეები. თუმცა, პალატა შენიშნავს, რომ 2006 წლიდან - მას შემდეგ, რაც პროკურორის ოფისმა ავღანეთზე წინასწარი მოკვლევა დაიწყო, კარგა ხანი გავიდა. გამოძიების დაწყებაზე სასამართლოს თანხმობის შემთხვევაშიც კი, პოლიტიკური სცენის ცვალებადობა ავღანეთში, პროკურორის ოფისთან თანამშრომლობის დეფიციტი წინასწარი მოკვლევის პერიოდში, რაც კიდევ უფრო გართულდება შემდგომ ეტაპზე და მეტად შეუშლის ხელს წარმატებულ გამოძიებასა და მართლმსაჯულების აღსრულებას. ამასთან, სასამართლო შენიშნავს, რომ მან უნდა განსაზღვროს ისეთი პრიორიტეტული აქტივობები, რასაც მოახმარს თავის რესურსებს და სადაც წარმატების მეტი შესაძლებლობა ექნება.

წინასასამართლო პალატა თვლის, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქმის იურისდიქციასთან და მისაღებობასთან დაკავშირებით ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, ავღანეთში არსებული გარემოებები უკიდურესად ამცირებს გამოძიებისა და მართლმსაჯულების წარმატების ალბათობას. შესაბამისად, მოსალოდნელი არ არის, რომ გამოძიებით მიღწეული იქნება ის ამოცანები, რასაც პროცესის მომხრე მსხვერპლები ასახელებენ. წინასასამართლო პალატამ დაასკვნა, რომ ამ ეტაპზე ავღანეთის საკითხზე გამოძიების ჩატარება არ მოემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს და უარი უთხრა პროკურორს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

XS
SM
MD
LG