Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კინოკლუბი“: წიგნი მამებისთვის და ყველასთვის, ვისაც უყვარს კინო


სალომე ასათიანის პოდკასტი

ეს წიგნი ერთდროულად მამის მხრიდან შვილის უპირობო, დიდი სიყვარულის აღწერაცაა და სიყვარულის ახსნაც კინემატოგრაფის ძალისთვის. წიგნი, რომელიც 2008 წელს გამოიცა, 24 ენაზეა ნათარგმნი და ბევრ ქვეყანაში იქცა ბესტსელერად. ის ეკუთვნის კანადელ მწერალს, დევიდ გილმორს, და მას „კინოკლუბი“ ჰქვია.

ეს თბილი, უცნაური, ავტობიოგრაფიული წიგნი იწყება პერიოდით, როცა თავად გილმორი უმუშევარი კინოკრიტიკოსია, მისი 15 წლის შვილი, ჯესი, კი თინეიჯერობის ასაკის სირთულეებს განიცდის. მეცხრე კლასში მისი ნიშნები გაფუჭებას იწყებს, მეათეში - უკვე საგანგაშოდ დაბალია. ჯესი აცდენს სკოლას, გვიან ბრუნდება სახლში, იძენს ახალ, მოკრიმინალო მეგობრებს, ეწევა ბევრ სიგარეტს, იწყებს ექსპერიმენტებს ნარკოტიკებთან. მშობლების საყვედურებს, ჩხუბს, სიბრაზეს შედეგი არ მოაქვს - ბიჭი გულწრფელად იხდის ბოდიშებს, რამდენიმე დღე კარგად მოქცევას ცდილობს, მაგრამ შემდეგ იგივე მეორდება. ყოველ ჯერზე, ისევ და ისევ.

დევიდ და ჯესი გილმორები
დევიდ და ჯესი გილმორები

დევიდი და ჯესის დედა, მეგი, გაშორებულები არიან, დევიდს სხვა ცოლი ჰყავს. ერთ საღამოს, როცა ცდილობს შვილს საშინაო დავალების შესრულებაში დაეხმაროს, მამა ნათლად გაიაზრებს - სწავლა ჯესისთვის მოსაწყენ, უინტერესო, მტანჯველ და დამთრგუნველ პროცესად გადაქცეულა. მისი მოწყენილობა და დაუინტერესებლობა ისე ცხადად ვიგრძენი, თითქოს ეს განცდა ჩემს სხეულში იყოო, ამბობს მამა. და იქვე დასძენს - „აშკარა იყო, რომ სკოლის თაობაზე ბრძოლაში დავმარცხდი“.

მამა შვილს უცნაურ წინადადებას სთავაზობს. მან იცის, რომ ერთადერთი რამ, რაც მის შვილს სიხარულს და სიამოვნებას ანიჭებს, ფილმების ყურებაა. დევიდი შვილს ეუბნება - თუ მართლა მოგბეზრდა, შეგიძლია აღარ იარო სკოლაში, არ იმუშაო, საღამოს 5 საათამდე გეძინოს. მაგრამ ორი პირობით: არ გაეკარები ნარკოტიკებს და კვირაში სამჯერ ერთად ვუყურებთ ფილმებს, შემდეგ კი მათზე ვიმსჯელებთ. ესაა და ეს. მეტი არაფერი მოგეთხოვება.

ამ დღიდან მამა-შვილის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ჯესი საცხოვრებლად მამასთან გადადის და ისინი კვირაში სამჯერ უყურებენ და განიხილავენ ფილმებს. ყველანაირ კინოს - ევროპული „საავტორო“ ფილმებით დაწყებული, ჰოლივუდის ე.წ. „ტრეშით“ დამთავრებული. და, რაც მთავარია, ერთმანეთთან უამრავს ლაპარაკობენ, ყველაფერზე - სიყვარულზე, მეგობრობაზე, მუსიკაზე, მუშაობაზე, ღალატზე, ნარკოტიკებზე, ფულზე, მსახიობებზე, სამოციან წლებზე, რეპერებზე, ბოი-ბენდებზე, სვირინგებზე, სარკაზმზე, პოლიტიკაზე.

დევიდ გილმორს, კინოკრიტიკოსად თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მუშაობის სტაჟის მიუხედავად, უცნაურად მომხიბვლელი, არასნობური გემოვნება აქვს. პირველი ფილმი, რომელსაც განათლების ამ არაორდინარული პროცესის დასაწყისში შვილს აჩვენებს, ფრანგი რეჟისორის, ფრანსუა ტრიუფოს მიერ 1959 წელს გადაღებული სურათი, „400 დარტყმაა“ - კინოს ისტორიაში ალბათ დღემდე საუკეთესო ფილმი მოზარდი ბიჭის სირთულეებზე. შემდეგ კი, როგორც თავად წერს, „დესერტად“, დევიდი პოლ ვერჰოვენის „ძირითად ინსტინქტს“ ჩართავს - რომლითაც ჯესი სრულიად აღფრთოვანებული დარჩება.

ასათიანის კუთხე

ასათიანის კუთხე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00
სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.

„კინოკლუბის“ კითხვა თავად გავს კარგი ფილმის ყურების პროცესს. თითქოს მამა-შვილის არაორდინარულ, და ხულიგნურ თავგადასავალს უყურებდე - მათ ერთობლივ, შეთანხმებულ დაშვებას ქაოსში და პრინციპულ დისტანცირებას საზოგადოებაში დამკვიდრებული წესებისგან. ეს აჩენს რაღაცნაირი თავისუფალი და ცოტა ჯადოსნური სივრცის განცდას - სივრცის, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ხშირად, განსაკუთრებით დასაწყისში, მამას ეჭვები და კითხვები ღრღნის. რამდენად სწორად ვიქცევი? ჩემს შვილს მუდმივი წარუმატებლობისთვის ხომ არ ვწირავ? ისე ხომ არ არის, რომ მე მინდა მეგობრების თვალში მაგარ, ნონკონფორმისტ მამად გამოვჩნდე, ჩემი შვილის ინტერესების ხარჯზე?

მაგრამ დევიდმა იცის, რომ კინო არის ის ერთადერთი რამ, რაც ჯესის აინტერესებს და ხიბლავს. და ასევე ერთადერთი გზა საიმისოდ, რომ მამამ თინეიჯერ შვილთან კომუნიკაცია, დიალოგი, გახსნილობა შეინარჩუნოს.

ეს პროცესი დაახლოებით სამი წელი გრძელდება, ზოგჯერ ბევრი სირთულით. მაგრამ ფინალი გილმორის წიგნს ჰოლივუდური აქვს - ჯესის ინტერესები გაუჩნდება და სწავლასაც ენერგიულად უბრუნდება. უკვე სრულწლოვანი, ის მამის სახლიდან მიდის - მაგრამ აშკარაა, რომ მამა-შვილი ამ წლებმა და შინ მოწყობილმა კინოკლუბმა ერთმანეთთან ისე დაამეგობრა, რომ ამ კავშირს, თუ ბმას, ვეღარც ფიზიკური დაშორება გაწყვეტს და ვერც გეოგრაფიული სიშორე.

„მთავარი იყო დროის ერთად გატარება. საბოლოო ანგარიშით, მას მხოლოდ ეს ჭირდებოდა, მამამისთან ერთად ყოფნა. ფილმებიც მეორეხარისხოვანია - მაგალითად, შეიძლებოდა კინოს ყურების ნაცვლად პარაშუტით გადმოხტომა შეგვესწავლა. ერთად ყოფნა, დროის ერთად გატარება იყო მნიშვნელოვანი“ - ამბობს დევიდ გილმორი, რომელიც პოდკასტის დღევანდელი გამოშვების სტუმარია. მასთან ვსაუბრობთ განათლების მოსაწყენ თუ საინტერესო ფორმებზე, თინეიჯერ შვილთან კომუნიკაციის სირთულეებზე, ფილმებზე, მსახიობებზე, და მისი, როგორც კინოკრიტიკოსის პრინციპულ პოზიციაზეც - რომ „ტრეში“, მდარედ მიჩნეული კულტურა, ძალიან სასიამოვნო რამ არის, თუკი საკუთარ თავს მისცემ მისი მოწონების უფლებას.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG