Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახიძე: ივანიშვილის დაკვეთით სასამართლო უნდა გადაუფორმდეს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს


"ევროპული საქართველოს" წევრები ირაკლი აბესაძე, გიგა ბოკერია და ოთარ კახიძე
"ევროპული საქართველოს" წევრები ირაკლი აბესაძე, გიგა ბოკერია და ოთარ კახიძე

საპარლამენტო ოპოზიციამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოითხოვა ორი კვირით გადაიდოს განხილვა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტისა რომელიც განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს და პროცედურებს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მეორე მოსმენით საკითხის განხილვა უნდა გაგრძელდეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება ვენეციის კომისიის დასკვნა და დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ ამ დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობა.

განხილვის გადადებაზე „ქართული ოცნება“ უარს ამბობს იმ მოტივით, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების სიმცირეა და საქმეების განხილვას სერიოზული პრობლემა ექმნება.

„უზენაეს სასამართლოში არის 10 მოსამართლე, ორს გასდის ვადა ივნისში, ერთს საერთოდ ვადა აქვს გასული და საქმის გამო აქვს გაგრძელებული. 7 მოსამართლეა დარჩენილი და აღარ არის პრაქტიკულად უზენაესი სასამართლო“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

ამ არგუმენტს არასერიოზულს უწოდებენ ოპოზიციაში. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებით, ორი კვირით საკითხის გადადება რეალურად არანაირ სერიოზულ პრობლემას არ ქმნის.

პარლამენტის წევრის, ოთარ კახიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ჩქარობს პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, რომელმაც სანდრო გირგვლიანის საქმის გამო დამნაშავედ გამოაცხადა არა მოსამართლე ლევან მურუსიძე, არამედ ადვოკატი შალვა შავგულიძე.

კახიძემ უმრავლესობის ქმედებას უწოდა ივანიშვილის დაკვეთით სასამართლოს გადაფორმება მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანისთვის.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას ხვალ მიიღებენ და მის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG