Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე: უმრავლესობა პირობას იცავს და ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება


არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზციებს მიმართა, დაელოდონ ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ გამოაქვეყნონ თავისი შეფასებები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თალაკვაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მიმართა ვენეციის კომისიას დამოუკიდებელი შეფასების და რეკომენდაციებისთვის, პირობა დადო, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდება და ამ პირობას იცავს.

„ხვალ დღის ბოლომდე ველოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და კვირის ბოლოსთვის, როცა უნდა იყოს კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე, იქნება გათვალისწინებული“ - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

რაც შეეხება პროცესში ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას, არჩილ თალაკვაძის თქმით, აქ ორი ძირითადი აქტორია.

„ერთი აქტორი ცდილობს, რომ მეორეს ადვოკატი გამოვიდეს, მაგრამ ის არ ახსოვს, რომ იქეთ უფრო ძლიერი ადვოკატები სხედან. აი, ამ ნაწილზე ვსაუბრობ - ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან. თქვენ გექნებათ სრული შესაძლებლობა და ამას მე კი არ განიჭებთ, კანონი და რეგლამენტი განიჭებთ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე, თუ თქვენ პირად მოსაზრებებზე იმსჯელოთ თითქმის სამი დღის განმავლობაში ამომწურავად“ - თქვა თალაკვაძემ

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, არასწორია ის, ვინც ოპოზიციის მსგავსად ცდილობს, რომ ტოლობის ნიშანი დასვას სამოქალაქო საზოგადოების შეფასებებს და ვენეციის კომისიის დასკვნას შორის.

„ამ ორს შორის ტოლობის ნიშანი ვერ დაისმება. არასამთავრობო სექტორს თავისი პოზიციები და შეფასებები უკვე გამოქვეყნებული აქვს, იყო განხილვები და დღესაც შეგვიძლია გავაგრძელოთ განხილვა. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას და რეკომენდაციებს, ვფიქრობ, ჩვენ გვყავს ისეთი სამოქალაქო სექტორი, რომელსაც არასოდეს ამ ქვეყანაში, მაშინაც როდესაც აი, ეს ბატონები ყველა სივრცეს ახშობდნენ განსხვავებული აზრისთვის, მაშინაც კი, და არასოდეს მას შემდეგ არ ჰქონიათ პრობლემა თავისი მოსაზრებების და შეფასებების გამოქვეყნების" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მ

უმრავლესობის ლიდერმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, რომ შეუძლიათ ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ნებისმიერ დროს წარმოადგნინონ თავისი მოსაზრებები.

საპარლამენტო ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოითხოვეს ორი კვირით გადაიდოს მეორე მოსმენით განხილვა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტისა, რომელიც განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს და პროცედურებს.

ისინი მიიჩნევენ, რომ განხილვა უნდა გაგრძელდეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება ვენეციის კომისიის დასკვნა და დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ ამ დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობა.

საკომიტეტო განხილვის გადადებაზე უარი თქვა საპარლამენტო უმრავლესობამ, რომელიც აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას ხვალ მიიღებენ და მის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას.

XS
SM
MD
LG