თბილისის ცენტრში მოკლული უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის საქმეზე, 16 აპრილს პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება.
სხდომის დაწყებამდე, „ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში გაიმართება სოლიდარობის აქცია ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასაჭერად.
25 წლის უფლებადამცველი, ვიტალი საფაროვი, 2018 წლის 30 სექტემბერს, პუშკინის ქუჩაზე, ბარ „ვარშავის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს.
უფლებადამცველის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი. როგორც „ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლები აცხადებენ, მოწმეთა ჩვენებები და ბრალდებულების პროფილები სოციალურ ქსელში, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი ულტრანაციონალისტური, ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან. მათივე თქმით, ამას არ უარყოფენ თავად დაკავებულებიც.
ვიტალი საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. ის წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკების ორგანიზებაში და მონაწილეობდა რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ განხორციელებულ არაერთ პროექტში, იყო ებრაული თემის აქტივისტი.
2018 წელს, ვიტალი საფაროვის მკვლელობის შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრის ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა მას ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭეს.
ვიტალი საფაროვის საქმე მოხვდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ: „ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პიროვნება ნეონაცისტური ჯგუფის წარმომადგენელი იყო. მოწმეების განცხადებით, შელაპარაკება დაიწყო იმის გამო, რომ აქტივისტი ქართულზე უკეთ რუსულად ლაპარაკობდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს მკვლელობის ბრალდებას ქსენოფობიური კონტექსტი დამატებოდა, რასაც მოჰყვებოდა უფრო მძიმე სასჯელი”. ანგარიშში ნათქვამია, რომ გენერალურმა პროკურატურამ მართლაც დაამატა ბრალდებას მუხლი, რომელიც გულისხმობს განზრახ მკვლელობას რასის, რელიგიის, ეროვნების ან ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ მედიაში კიდევ გამოჩნდა რამდენიმე შემთხვევა, როცა უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენეს“.