საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის 13 ოპერატორი გაფიცვას აპირებს. ეს გადაწყვეტილება ტელეოპერატორებმა წერილობით უკვე შეატყობინეს აჭარის ტელევიზიის და რადიოს ხელმძღვანელობას და მრჩეველთა საბჭოს.
საინფორმაციო სამსახურის ტელეოპერატორები აცხადებენ, რომ ძირითად სამუშაოსთან ერთად ასრულებენ მემონტაჟის ფუნქციასაც, თუმცა, აქვთ მხოლოდ ოპერატორის დაბალი ხელფასი. მათივე ინფორმაციით, არაერთხელ, თუმცა, უშედეგოდ მოითხოვეს ხელფასის გაზრდა, ან მემონტაჟის ფუნქციისგან გათავისუფლება.
„მივმართეთ დირექტორს, ბორდს. ჩავრთეთ პროფკავშირები და მისი მიმართვით დაიწყო მედიაცია, თუმცა, უშედეგოდ. დირექტორის განმარტებით, ჩვენი საკითხი უნდა განიხილოს 2020 წლისთვის, მაშინ, როცა დირექტორის საარჩევნო ვადა მთავრდება 2019 წელს. დირექტორის მხრიდან ჩვენი იგნორირება გრძელდება. იძულებულნი გავხდებით მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმას“ - წერია ტელეოპერატორების განცხადებაში.
აჭარის ტელევიზიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის წარმომადგენელმა 15 აპრილს, მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ოპერატორების დაჟინებული მოთხოვნით მედიაციის პროცესი შეწყვიტეს და მათი წერილი ჯანდაცვის სამინისტროში გაგზავნეს.
შეკითხვას, რატომ გადაწყვიტეს მედიაციის შეწყვეტა იმ დროს, როცა მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი ითხოვს აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადებას, პროფკავშირების კომიტეტის თავმჯდომარემ, ომარ ბერიძემ უპასუხა, რომ პროცესი უკვე წელიწადბახევარია მიმდინარეობს და ჩიხში შევიდა.
„შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ვიღაცეებთან კონსულტაცია გვქონდა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს აბსურდია. ჩიხურ სიტუაციაში შევედით. მართალი გითხრათ, არ ვიცი რითი დამთავრდება. არ ვარ გაფიცვების მომხრე. როგორც პროფკავშირებს მინდა, რომ შედგეს მოლაპარაკება” - განაცხადა ბერიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭო 18 აპრილს განიხილავს საბჭოს ორი წევრის მიმართვას ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, ტელეოპერატორებიც 18 აპრილს გაიფიცებიან.