პატიმრობაში მყოფი 22 წლის მირიან მირკელიას მამამ 18 აპრილს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან თვითდაზიანება მიიყენა. მას პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს, დაზარალებულმა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა.
დაკავებული ახალგაზრდის ოჯახის წევრებმა პროკურატურასთან აქცია სასამართლო სხდომის დაწყებამდე გამართეს. ისინი ვარაუდობდნენ, რომ სასამართლო დღეს გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა.
მირიან მირკელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას არასრულწლოვნის თანდასწრებით და ძალადობას.
ბრალდებულ მირიან მირკელიას ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ინციდენტი მეზობელთან რამდენიმე თვის წინ შეემთხვა და იგი დანაშაულს აღიარებს.
ამასთან, მისივე ცნობით, პრეტენზიას არ გამოხატავს არც ინციდენტში დაზარალებული მხარე. სწორედ ამიტომ დაცვის მხარე საპროცესო გარიგებას ითხოვს. ამ მოთხოვნაზე მას ერთხელ უკვე ეთქვა უარი, რის გამოც სასამართლოსთან შუამდგომლობა ადვოკატმა კიდევ ერთხელ დააყენა.
გადაწყვეტილება 18 აპრილის სხდომაზე არ გამოცხადებულა. მირიან მირკელიას საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 22 აპრილამდე გადადო.