ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, ანა წითლიძე და გიორგი პატარაია დამნაშავედ ცნო და თითოეულ მათგანს ჯარიმის სახით 2000 ლარის გადახდა დააკისრა. მათ ბრალად ედებოდათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.
საქმე ეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში 11 აპრილს მომხდარ ინციდენტს, სადაც სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებსა პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წევრების განმარტებით, სასამართლომ დღეს მიკერძოებული და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რაც ემსახურება მათი საარჩევნო კამპანიის ჩაშლას.
გაასაჩივრებენ თუ არა, გადაწყვეტილებას ანა წითლიძემ და გიორგი პატარაიამ ჯერ არ იციან,თუმცა აღნიშნავენ, რომ სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვთ.
დღევანდელ სხდომაზე გამოიკვლიეს წერილობითი მტკიცებულებები, ასევე ფოტო და ვიდეო მასალა. მოსამართლემ ასევე წაიკითხა პოლიციელების - გოგა რიჟამაძის და ალიკა კვარაცხელიას ჩვენების ოქმები, სადაც ისინი აცხადებენ, რომ არ უთვალთვალებდნენ ოპოზიციის წევრებს და იმყოფებოდნენ, რიგით პატრულირებაზე.
ანა წითლიძე, გიორგი პატარაია და მანუჩარ ჩხეტია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 11 აპრილს დააკავეს. გამოკითხვის შემდეგ ანა წითლიძე და გიორგი პატარაია გაათავისუფლეს, მანუჩარ ჩხეტია კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, 12 აპრილს კი ის სასამართლომ გაათავისუფლა. საქმის სარეზოლუციო ნაწილი კი 19 აპრილს გამოცხადდება. მაშინ გაირკვევა, დააკისრებენ თუ არა ბრალდებულს ჯარიმას.