აშშ-ის კონგრესის წევრი დემოკრატები ამტკიცებენ, რომ ხუთშაბათს გამოქვეყნებული სპეცპროკურორ მიულერის რედაქტირებული ანგარიში რუსეთის მხრიდან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზე, შეიცავს მტკიცებულებებს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელს უშლიდა მართლმსაჯულებას.
წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის თავმჯდომარე ჯეროლდ ნადლერმა განაცხადა, რომ კონგრესს აქვს ყველანაირი საფუძველი დააყენოს პრეზიდენტის პასუხიმგებლობის საკითხი ამ ქმედებისათვის. ნადლერმა მიულერი მოიწვია კომიტეტის წევრების შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.
რობერტ მიულერის ანგარიშში, 448 გვერდიანი დოკუმენტში, რომელიც აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა გამოაქვეყნა, - არ არის წაყენებული ბრალდება დონალდ ტრამპის მიმართ სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, რასაც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა წარმოადგენს.
მაგრამ იმავდროულად დოკუმენტში ნათქვამია, რომ არსებული ფაქტები არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას პრეზიდენტის უდანაშაულობაზე.
საუბარი შეეხება პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებას თავად მიულერის მოხსნის თაობაზე (თეთრი სახლის კონსულტანტებმა უარი თქვეს ამ განკარგულების შესრულებაზე), გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ჯეიმს კომის გათავისუფლების გარემოებებს და სხვა მცდელობებს პრეზიდენტის მხრიდან თავის კონტროლზე აეყვანა გამოძიება.
თავად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიულერის ანგარიში შეაფასა, როგორც მისი უდანაშაულობის დადასტურება. „არ ყოფილა არც შეთქმულება და არც მართლმსაჯულების ხელის შეშლა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ „დღეს კარგი დღეა.“