Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატიმროს მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მორიგი აქცია რუსთავში


მოქალაქეთა ჯგუფმა რუსთავში პენიტენციური დაწესებულების აშენების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოაწყო იუსტიციის სახლთან
მოქალაქეთა ჯგუფმა რუსთავში პენიტენციური დაწესებულების აშენების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოაწყო იუსტიციის სახლთან

19 აპრილს მოქალაქეთა ჯგუფმა რუსთავში პენიტენციური დაწესებულების აშენების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოაწყო იუსტიციის სახლთან, რომლის წინ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა მდებარეობს.

ორგანიზატორებმა, რომლებიც ადრე აცხადებდნენ, რომ ემიჯნებიან პოლიტიკას, დღევანდელ აქციაზე პირველი პოლიტიკური განცხადება გააკეთეს.

„ჩვენს ქვეყანაში არაევროპული რაც არის,ესაა თეა წულუკიანის მინისტრობა, რომელიც აცხადებს, რომ აშენებენ ევროპული ტიპის საპატიმროს და ეს არის ევროპული გზა“, თქვა გიორგი გზირიშვილმა,წვიმის ქვეშ მდგარი დაახლოებით 20 ადამიანის წინ.

„ევროპული ქვეყანა რომ ყოფილიყო, თეა წულუკიანი ვერ იქნებოდა იუსტიციის მინისტრი“, დასძინა გზირიშვილმა,რასაც აქციის მონაწილეთა აპლოდისმენტები მოჰყვა. - „ამ ქვეყნისთვის მან [იუსტიციის მინისტრმა] ძალიან ბევრი ცუდი რამ გააკეთა“.

სხვა გამომსვლელებმა განაცხადეს, რომ „იბრძოლებენ ბოლომდე“ - იუსტიციის სამინისტროს საპატიმროს არ ააშენებინებენ, რადგან ის ჭყონდიდელის დასახლებას და მიმდებარე ტერიტორიას განვითარების პერსპექტივას მოუსპობს. ადგილობრივი „მოსახლეობა უკვე სახლებს ყიდის“, განაცხადეს მათ.

რუსთავის ახალ საპყრობილეში, რომელიც ჭყონდიდელის დასახლებაში შენდება, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენებული მე-17 პენიტენციარული დაწესებულების ე.წ. პირველი და მეორე კოლონიების პატიმრებს გადაიყვანენ, თავად კოლონიები დაიხურება.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა 18 აპრილს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „მინისტრი წულუკიანი მზად არის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდეს. ასევე მზად არის შეირჩეს ადგილობრივი 500 მცხოვრები, რომლებსაც გადაამზადებენ, ჩაუტარებენ ტრენინგებს და გაივლიან სტაჟირებას მსგავს დაწესებულებებში”. დღევანდელი აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ უმჯობესია ჭყონდიდელის დასახლებაში საწარმოები აშენდეს და ის „500 ადამიანი ამ მიზნით გადაამზადონ“.

საპატიმროს მშენებლობის წინააღმდეგ აქციები პერიოდულად ტარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG