შოუმენს ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა ყოფილმა პრეზიდენტმა, რუსეთში გაქცეულმა ვიქტორ იანუკოვიჩმა. მისი მილოცვა ფეისბუქით გაავრცელა იანუკოვიჩის პრესმდივანმა იური კირასირმა.
იანუკოვიჩი წერს, რომ უკრაინელებმა ზელენსკის პრეზიდენტის თანამდებობა ანდეს ქვეყნის ისტორიაში უმძიმეს დროს, როცა მშვიდობისმოყვარე უკრაინელი ხალხი გახლეჩილი და რადიკალიზებულია და დონბასში მიმდინარეობს ძმათამკვლელი ომი.
ამ ყველაფერზე იანუკოვიჩი პასუხისმგებლობას აკისრებს პრეზიდენტ პოროშენკოს და მის თანამოაზრეებს და აცხადებს, რომ მათ განაჩენი ამომრჩეველმა გამოუტანა.
ვიქტორ იანუკოვიჩი მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის წინაშე დგას ქვეყანაში მშვიდობის დამყარების, უკრაინელი ხალხის გაერთიანების და შერიგების და სამართლიანობის აღდგენის რთული ამოცანები და ახალ პრეზიდენტს წარმატებას უსურვებს.
ზელენსკის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ მათ იანუკოვიჩის მილოცვა არ სჭირდებათ.
შტაბის ხელმძღვანელის, დმიტრი რაზუმკოვის თქმით, ზელენსკის გუნდი მთელი კამპანიის განმავლობაში იღებდა ე.წ. "მხარდაჭერას" რუსეთის "პროპაგანდისტებისა და უკრაინის ყოფილი მოხელეებისგან." რაზუმკოვის განცხადებით, მუშაობას "მათი მხარდაჭერის და მილოცვის გარეშეც" შეძლებენ.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც რუსეთში 2014 წელს გაიქცა, ბრალდებულია სახელმწიფოს ღალატში და უკრაინის სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი 13 წლიანი პატიმრობა.