პანკისში, 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა, ვინც დაარღვია კანონი, ვინც პოლიციას თავს დაესხა და წინააღმდეგობა გაუწია, უნდა დაისაჯოს.
ჰესის მშენებლობაზე კი კობახიძე აცხადებს, რომ მოსახლეობას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს წინასწარ,ვიდრე რაიმე პროექტის განხორციელება დაიწყება.
„მნიშვნელოვანია ხალხთან ურთიერთობა, რომ მომავალში აღარ მოხდეს ის, რაც ჩვენ ვნახეთ პანკისში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ხალხს ვესაუბროთ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, ვიდრე საქმე მივა ასეთი ტიპის გართულებამდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
21 აპრილს, პანკისის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ადგილობრივები მცირე ჰესის („ხადორი 3“) მშენებლობის შეჩერებას ცდილობდნენ, როდესაც ხეობაში საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ. შემდეგ მათ სპეცრაზმიც მოჰყვა.