„მე გამოვედი "ოცნების" ხაფანგიდან. სამწუხაროდ, 40 წლის ქვემოთ ასაკის ადამიანებს მთავრობამ არჩევანი წაართვა“, - წერს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, ის ვერ ანდობს ფულს „კორუმპირებულ და მფლანგველ მთავრობას, როგორიც „ქართული ოცნებაა“.
„იდეალური მთავრობაც რომ იყოს, თვითონ ეს სქემა მანკიერია და არ იძლევა ღირსეულ სიბერეს. შეუძლებელია, რომ ამ ტიპის დანაზოგებით ადამიანებმა უზრუნველყონ თავიანთი ღირსეული სიბერე. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ "ევროპული საქართველოს" მოდელი იქნას გაზიარებული, რაც გულისხმობს, რომ საპენსიო დანაზოგებზე გადმოვიდეს საშემოსავლო გადასახადის ნაწილი, რომელიც მთავრობას მიაქვს ბიუჯეტში იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ნებაყოფლობით ჩაერთვება მასში. მე "ქართული ოცნების" ხაფანგიდან დღეს გამოვედი, მაგრამ 40 წელს ქვემოთ ადამიანებს ეს არ შეუძლიათ“, - უთხრა ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა ჭიაბერაშვილთან ერთად „ევროპული საქართველოს" კიდევ ორმა წევრმა, გიგა ბოკერიამ და ლელა ქებურიამ დატოვეს. მათი განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის უნდობლობა ამ სისტემის მიმართ.