Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია სუსლიაკის ადვოკატი: დანაშაული ან უდანაშაულობა მხოლოდ ექსპერტიზით დადგინდება


10 ბავშვის თანმხლები ქალის, იულია სუსლიაკის უდანაშაულობის ანდა დანაშაულის შესახებ უტყუარი პასუხის გაცემა მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტიზას შეუძლია, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ. ის თავის დაცვის ქვეშ მყოფს 26 აპრილს, თბილისში, დროებითი დაკავების იზოლატორში შეხვდა.

„რა ინფორმაციასაც ვფლობ და რა მასალებიც ხელთ მაქვს, დაკავების არანაირი საფუძველი არ ჩანს. სხვა მასალები გამოძიებას ჩემთვის ჯერჯერობით არ უჩვენებია. დამნაშავეა თუ არა იულია სუსლიაკი - ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია ერთადერთს - ექსპერტიზის დასკვნას. დნმ-ის ტექსტის ჩასატარებელი მასალები უკვე აღებულია და ალბათ პროცესს დააჩქარებენ, რომ სიმართლე დროულად გაირკვეს“, - აცხადებს ზურაბ თოდუა.

იულია სუსლიაკი თბილისში, დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, მისი თანმხლები ათი ბავშვიდან რვა განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს დაწესებულებებში, ხოლო ორი ბავშვი კვლავაც საავადმყოფოში რჩება.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ათ ბავშვთან ერთად საქართველოში 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის ავიარეისით ჩამოვიდა და ზუგდიდში დასახლდა. სუსლიაკის მტკიცებით, ბავშვები მისი შვილები არიან და ის მათთან ერთად ოჯახის მამასთან (იური სუსლიაკთან), აფხაზეთში აპირებდა ჩასვლას.

19 აპრილს ბავშვები ინტოქსიკაციის გამო ზუგდიდის საავადმყოფოში მოხვდნენ. რამდენიმე დღეში ისინი ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში გადაიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვის დედა სწორედ იულია სუსლიაკია, სამართალდამცველთა ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ათი ბავშვიდან ოთხი 2017 წელს არის დაბადებული.

როგორც ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ უთხრა რადიო თავისუფლებას, იულია სუსლიაკი ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო დანარჩენი ექვსი ბავშვი მისი ქმრის ბიოლოგიური შვილები არიან (სუროგაციის მეთოდის გამოყენებით). ამის დასამტკიცებლად, ადვოკატ თოდუას თქმით, 23 აპრილს იულია სუსლიაკმა ჩააბარა თავისი და ბავშვების ბიოლოგიური მასალები დნმ-ის ტესტის ჩასატარებლად.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხვით დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო პირობებში ამყოფებდა, რის გამოც გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა უგულებელყოფის ფაქტზე, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკავების გადაწყვეტილება“, - წერია შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

1982 წელს დაბადებული იულია სუსლიაკი შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით 25 აპრილს, ქუთაისის საავადმყოფოში დააკავა. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG