Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ გაჩერდე გიგა! - დამოუკიდებლობის მარში ოკუპაციის წინააღმდეგ, დღე მეცხრამეტე


"გაყინული ტაბაწყური დღე #19" - დაწერა სამოქალაქო აქტივივისტმა გიგა მაქარაშვილმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე 26 აპრილს.

„ყველაზე მეტად ახლა გვერდით ადამიანები მჭირდება. დღეს, მაგალითად, ერთი ადამიანიც არ შემხვედრია. ნელ-ნელა ბორჯომისკენ გადავდივარ, მერე ხაშური, საჩხერე-ჭიათურა. იმედი მაქვს, იქ უკვე მეტი ადამიანი შემხვდება და ხმის გამცემი მეყოლება. ამ ამბავს მეტი ჩართულობა უნდა, რომ ჩემი სათქმელიც უფრო ხმამაღლა გაისმას", - უთხრა გიგა მაქარაშვილმა რადიო თავისუფლებას.

გიგა უკვე მეცხრამეტე დღეა გზაშია - მისი „დამოუკიდებლობის მარში“ 9 აპრილს დაიწყო გორიდან - მსვლელობა მესტიაში უნდა დასრულდეს.

ამ აქცია-მსვლელობით, ისევე როგორც 2018 წლის სექტემბერში, როცა გიგა მაქარაშვილი ენგურის ხიდისკენ დაიძრა, ახლაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებს.

ახლა გზა უფრო გრძელია, მარშრუტიც უფრო რთული - მესტიაში, თავისი გეგმით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უნდა ჩავიდეს.

დაახლოებით, 47 დღე მაინც უნდა იაროს. 50-მდე ქალაქი გაიაროს და ყველგან გააპროტესტოს ოკუპაცია. სულ - 1600-მდე კილომეტრი უნდა გაიაროს. თითქმის ნახევარი გზა დაძლეულია.

ტელეფონზე უამრავი სმს მისდის. არ გაჩერდე გიგა - სწერენ. თუმცა მორალურ მხარდაჭერასთან ერთად, ამ გრძელ გზაზე, ხანდახან ისეთი მარტივი რამეებიც სჭირდება ხოლმე, როგორიც, მაგალითად, თბილი წინდაა:

"ახლა ყველაზე მეტად ეგ მინდა. ყველა წყვილი დამისველდა და ახლა უახლოეს სოფლამდე უნდა მივიდე დროულად, რომ ცოტა ხნით შემიფარონ და გამათბონ".

ამბობს, რომ განწყობა კარგია:

"დროშიანი მოსიარულე კაცი ყველგან არ უნახავთ, მაგრამ ვინც კი მაჩერებს, კარგად მხვდება. ასაკიანი ხალხი ცოტა ირონიულად მიყურებს, როცა ვეუბნები რასაც ვაპროტესტებ, მაგრამ სამაგიეროდ, ახალგაზრდები ძალიან მამხნევებენ. წამში გრძნობენ და აენთებიან ხოლმე. ხვდებიან, რომ ასეც შეიძლება მთავარი სათქმელის თქვა, ჩემი მსვლელობის მიზანიც ხომ ეგ არის, რომ ადამიანებს ვაჩვენო თუნდაც ფიზიკურად ყველაზე სუსტ ადამიანს შუძლია გააკეთოს რაღაც თავისუფლებისთვის“.

ზოგან წვიმა ხვდება, ზოგან თოვლი, ხან სეტყვა. ხან მდინარეში ჩავარდა, ხან გზად მგელს გადაეყარა, მაგრამ წინ მიდის და ამ ამბებს ფეისბუკზე მუდმივად პოსტავს ხოლმე.

წალკაში ჩასულმა, მაგალითად დაწერა:

„ჩამოვედი და სრულიად უცხო ადამიანებმა მოიწერეს, სადილი და რბილი ლოგინი გელოდებაო
მოგვიანებით გაგაცნობთ კეთილ ოჯახს“.

თუ შველა სჭირდება, ერთს დაიძახებს ხოლმე და სოციალური ქსელი თავის საქმეს აკეთებს - მაშველი გამოუჩნდება ხოლმე.

მაგრამ ჯერ წინ გიგას მიზნამდე დიდი გზაა გასავლელი და ის მარტო არ უნდა დარჩეს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG