სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა (SIPRI) გამოაქვეყნა ყოველწლიური მოხსენება მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ თავდაცვის სფეროში გაწეული ხარჯების შესახებ.
2018 წლის რეიტინგში რუსეთი აღარ არის პირველ ხუთეულში იმ ქვეყნებისა, რომლებიც სამხედრო სფეროში ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ.
2006 წლის შემდეგ პირველად რუსეთმა მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. SIPRI-ს მოხსენების თანახმად, 2018 წელს რუსეთის სამხედრო ხარჯი იყო 61,4 მილიარდი აშშ დოლარი, რაც 3,5%-ით ნაკლებია 2017 წლის ხარჯებზე.
პირველ ადგილზეა აშშ(649 მილიარდი), რომლის სამხედრო ხარჯი 2017 წელთან შედარებით გაიზარდა 4,6%-ით.
მეორე ადგილზეა ჩინეთი(250 მილიარდი), მესამეზე საუდის არაბეთი(67,6 მილიარდი), მეოთხეზე ინდოეთი(66,5 მილიარდი) და მეხუთეზე საფრანგეთი(63,8 მილიარდი).
საერთო ჯამში, 2018 წელს მსოფლიოში სამხედრო მიზნებისთვის დაიხარჯა თითქმის ორი ტრილიონი აშშ დოლარი, რაც მაქსიმუმია 1988 წლიდან, როცა SIPRI-ს ექსპერტებმა დაიწყეს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ხარჯების დათვლა.
ამასთან, საერთო ხარჯის 81% მოდის რეიტინგში ჩამოთვლილ პირველ 15 ქვეყანაზე, რომელთა შორის პირველი ხუთეულის და რუსეთის გარდა არიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია, სამხრეთ კორეა, იტალია, ბრაზილია, ავსტრალია, კანადა და თურქეთი.
სამხედრო ხარჯები გაზარდეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმაც, რასაც ანალიტიკოსები უკავშირებენ რუსეთის მხრიდან საფრთხეების ზრდას.