Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მძინარა ჯო ბაიდენი" - სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ტვიტს აზიარებს


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზე გააზიარა დონალდ ტრამპის ტვიტი, რომელშიც იგი პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს.

"მძინარა ჯო ბაიდენი თავის პირველ შეხვედრას დიდებულ შტატში - პენსილვანიაში მართავს. რა თქმა უნდა, მან არ იცის იმის შესახებ, რომ პენსილვანიას ახლა ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური წელი აქვს თავის ისტორიაში, უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით, ფოლადის მრეწველობის (რომელიც მკვდარი იყო) აყვავებით და დიდი მომავლით!" - წერს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის შეხვედრაზე პენსილვანიელ მოსახლეობასთან.

ჯო ბაიდენმა, რომელიც ორჯერ იყო ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და 30 წელია, რაც დელავერის შტატის სენატორია, 25 აპრილს განაცხადა, რომ 2020 წელს ის მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. მან პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში თავისი პირველი გამოსვლისთვის სწორედ პენსილვანიის შტატი შეარჩია.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ანგარიშზე დონალდ ტრამპის ტვიტი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო გამოქვეყნებული.

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, ეს არ იყო პირადად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეცდომა, ტვიტი შემთხვევით გააზიარა ადმინისტრაციის თანამშრომელმა, რომელიც პრეზიდენტის ანგარიშს მართავს.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ანგარიშიდან ახლა დონალდ ტრამპის ტვიტი წაშლილია.

XS
SM
MD
LG