Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია კაპანაძის ვიდეოჩანაწერის გავრცელებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დაინტერესდა


ნათია კაპანაძე
ნათია კაპანაძე

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა დაიწყო მოკვლევა აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის ფარული ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტზე.„გუშინ გახდა ამ ფაქტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი. მოვიპოვეთ დამატებითი ინფორმაცია, ვიდეოჩანაწერს გავეცანით და მათ შორის ტელევიზიის მომართვის საფუძველზე შესწავლის ფორმატში განვახორციელებთ ამ საკითხის ანალიზს.

ჩვენი მოკვლევის მიზანი ამ შემთხვევაში იქნება ვიდეოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ გამოკვლევის ჩატარება. მათ შორის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით“, - გვითხრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა.

თამარ ქალდანი
თამარ ქალდანი

აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის ფარული ვიდეოკადრები, გუშინ 1 მაისს გავრცელდა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აჭარის ტელევიზიამ მოკვლევის დაწყების შესახებ წერილით 2 მაისს მიმართა. თამარ ქალდანი ვარაუდობს, რომ საკითხის შესწავლას მინიმუმ 1 თვე დასჭირდება.

ნათია კაპანაძის უფლებების დამცველი, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აჭარის ფილიალის უფროსი ანა მდინარაძე ამბობს, რომ ვიდეოჩანაწერის გავრცელებით დაირღვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი და შესაძლოა ასევე სახეზე იყოს სისხლის სამართლის დანაშაულიც:

„საქმე ორ ნაწილად უნდა განვიხილოთ: ცალსახად დარღვეულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი- მონაცემთა დამმუშავებელს ჰქონდა ვალდებულება, რომ ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ მონაცემთა უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული. ანუ ორგანიზაციული, ტექნიკური მხარე უნდა ჰქონოდა იმდაგვარად მოწესრიგებული, რომ კადრები არ გავრცელებულიყო. ეს რაც შეეხება ადმინისტრაციულ წესს.

მიგვაჩნია, რომ მოკვლევა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის წესითაც- მაუწყებელში არსებობდა სამსახური, ამ შემთხვევაში უსაფრთხოების სამსახური. შესაბამისად დასადგენია, ვინ შევიდა, ვინ ჩამოწერა ეს ფაილები, ხომ არ ჰქონდა ადგილი კომპიუტერულ მონაცემებში უკანონოდ შეღწევას? კომპიუტერულ მონაცემებში უკანონოდ შეღწევა არის დასჯადი სისხლის სამართლის წესით. ამიტომ ჩვენი პოზიციაა რომ მოკვლევა უნდა დაიწყოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ“, - აღნიშნა ანა მდინარაძემ.

ჩანაწერი, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუკში გავრცელდა ასახავს ნათია კაპანაძის შეხვედრას ტელევიზიის ოპერატორებთან. კადრზე აღბეჭდილია ფრაგმენტი, რომელშიც ჩანს, რომ თათბირის დატოვებისას კარებში შემხვედრ თანამშრომელს ნათია კაპანაძე ხელით განზე სწევს.

მედიასთან კომენტარში ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ ვიდეო ტელევიზიის შიდა კამერითაა ჩაწერილი და მისი გავრცელება იმის გამოხატულებაა, თუ რა მეთოდებით ებრძვიან მაუწყებელს.

აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან 19 აპრილს გაათავისუფლეს. მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება მან სასამართლოში გაასაჩივრა.

XS
SM
MD
LG