Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა დაამტკიცა კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ


პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ. კანონის თანახმად, სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

ცვლილება ოთხს კანონში შევიდა: შრომის კოდექსში, სახალხო დამცველის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შევიდა.

ჯარიმა - 300-დან 1000 ლარამდე

  • კანონის თანახმად, სექსუალური შევიწროება საზოგადოებრივ ადგილებში პატრულის რეაგირებას დაექვემდებარება და დადასტურების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
  • განმეორებით შემთხვევაში ანალოგიური ქმედების გამო პირი დაჯარიმდება 500 ლარით ან გამასწორებელი სამუშაოებით ერთ თვემდე ვადით. მსგავსი ქმედება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით.
  • 1000 ლარამდე დაჯარიმებას, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღის ვადით ან ერთ თვემდე გამასწორებელ სამუშაოებს გამოიწვევს სექსუალური შევიწროება ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიერ.
  • კანონის მიხედვით, სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან/და მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.

რაც შეეხება კერძო სივრცეს, კანონპროექტის მიხედვით, სექსუალური შევიწროების კონტროლი და მონიტორინგი სამუშაო სივრცეში თავად დამსაქმებელს და სახალხო დამცველს ეკისრება. იმ შემთხვევაში, თუ სახალხო დამცველს ესა თუ ის პირი მიმართავს და ქმედება დადასტურდება, ომბუდსმენი რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რომელთა შესრულებაც დამსაქმებელს დაევალება.

კანონის თანახმად, იზრდება სახალხო დამცველის მანდატი და ომბუდსმენი უფლებამოსილი იქნება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს რეკომენდაციის შესრულება თუ ორგანიზაციამ არ გაიზიარა ან არ უპასუხა მის რეკომენდაციას. ამასთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ექნებათ ვალდებულება 10 დღის ვადაში სახალხო დამცველს მიაწოდონ შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა, დოკუმენტი და სხვა მასალა.

გარდა ამისა, კანონი ასევე გულისხმობს სასამართლოსთვის სარჩელის მიმართვის ვადის ერთ წლამდე გაზრდას.

კანონი გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG