Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა მოითხოვა განმარტება სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმების გამო


ევროკავშირმა თურქეთის საარჩევნო კომისიას მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაასაბუთოს სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ და ევროკომისარმა გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია უკიდურესად პოლიტიზებულ კონტექსტში და მისი საფუძველი ღია უნდა იყოს საჯარო გამოძიებისთვის.

მოგერინი და ჰანი ხაზს უსვამენ, რომ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და ასევე, ევროკავშირის და თურქეთის შემდგომი ურთიერთობებისთვის.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისარი აღნიშნავენ, რომ სტამბოლის საარჩევნო კომისიას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი, ღია და გამჭვირვალე საქმიანობის შესაძლებლობა.

31 მარტს ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების შედეგად, სტამბოლში გაიმარჯვა ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა, ექრემ იმამოღლუმ. მან თითქმის 15 ათასი ხმით მოუგო მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ კანდიდატს, თურქეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბინალი ილდირიმს.

პრეზიდენტ ერდოანის პარტიამ დარღვევების საბაბით არჩევნების შედეგი გაასაჩივრა. 6 მაისს, თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგი ბათილად ცნო.

თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „ანადოლუ“-ს ცნობით, განმეორებითი არჩევნები 23 ივნისს ჩატარდება.

ოპოზიციურმა „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ განაცხადა, რომ სისტემა, რომელიც არ ცნობს ხალხის ნებას და უგულებელყოფს კანონს, არადემოკრატიული და არალეგიტიმურია.

XS
SM
MD
LG