საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ სიტყვის თავისუფლება საქართველოში დაცულია და გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისად, გამოყენებული იქნება ყველა კანონისმიერი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში, ყველა შემთხვევაში, სიტყვის თავისუფლება იყოს სრულიად დაცული.
„რუსთავი 2“-ის შეკითხვაზე, როგორ დაიცავს პრეზიდენტი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, მოისწრაფიშვილმა თქვა: „ამ ეტაპზე შემიძლია გიპასუხოთ, რომ კონსტიტუციით გარანტირებულია საქართველოში სიტყვის თავისუფლება და თუ სიტყვის თავისუფლებას დაემუქრება რაიმე საფრთხე, აუცილებლად გამოყენებული იქნება ყველა კანონისმიერი რესურსი იმისათვის, რომ სიტყვის თავისუფლება საქართველოში იყოს დაცული."
6 მაისს, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიაზე შეტევის ახალი ფაზა იწყება, რის გამოც საგანგებო რეჟიმზე გადადიან.
გვარამიას ინფორმაციით, ტელეარხის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე სხვა მეწილეებისა და გენერალური დირექტორისგან ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების სახით - სულ 26 მილიონ ლარს.
ნიკა გვარამიას შეფასებით, ნინო ნიჟარაძის და მისი აბსურდული სარჩელის უკან დგას ხელისუფლება, რომელმაც მორიგი შეტევა წამოიწყო თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ და მთავარი მიზანია “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.
გვარამიას ბრალდებას უარყოფენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.