მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვაზე დაბარებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს, 15 საათზე, ადვოკატები სპეციალური განცხადებით პასუხობენ. განცხადებაში, რომელიც "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გამოაქვეყნა", აღნიშნულია, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი გონივრული დროით ადრე უნდა ფლობდეს. დაახლოებით 3 საათით ადრე ინფორმაციის მიწოდება მოწმისთვის კი არ წარმოადგენს გონივრულ დროს:
„როგორც ცნობილია, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება. ამ გამოძიების ფარგლებში, 8 მაისს სუს-მა ადვოკატებთან კომუნიკაციით მოითხოვა მალხაზ მაჩალიკაშვილის მოწმის სტატუსით დაკითხვა, რასთან დაკავშირებითაც ადვოკატების მიერ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს განემარტათ, რომ ადვოკატების სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, მაჩალიკაშვილის საგამოძიებო უწყებაში გამოცხადდებოდა 10 მაისს 15:00 საათზე.
ამ განმარტების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, დღეს დაახლოებით 12:20 რუსთაველის გამზირზე მყოფ მალხაზ მაჩალიკაშვილს მოსთხოვეს დღესვე, 15:00 საათზე საგამოძიებო უწყებაში გამოცხადება, რასაც ბუნებრივია მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატები არ დაეთანხმნენ და საგამოძიებო უწყებას კიდევ გაახსენეს შეთანხმება სწორედ 10 მაისს დაკითხვის თაობაზე და ასევე განუმარტეს, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი გონივრული დროით ადრე უნდა ფლობდეს.
დაახლოებით 3 საათით ადრე ინფორმაციის მიწოდება მოწმისთვის არ წარმოადგენს გონივრულ დროს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კიდევ ერთხელ განემარტა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე გამოცხადდება 2019 წლის 10 მაისს, 15:00 საათზე“, - აღნიშნულია მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატების განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 7 მაისს გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომლითაც, უწყების შეფასებით, დასტურდება მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის ორგანიზების მზადება.
სუს-ის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერში მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისშვილი მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილი საუბრობენ.