საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელსაც ჰამბურგში უდევს ბინა, განიხილავს უკრაინის იმ ხომალდებისა და მათი ეკიპაჟების იმუნიტეტის საქმეს, რომლებიც რუსეთმა 2018 წელს ჩაიგდო ხელში შავ ზღვაში. მოსმენა პარასკევს დაიწყო.
რუსეთის მხარე არ დაესწრება სხდომებს, შესაბამისი შეტყობინება ტრიბუნალმა 30 აპრილს მიიღო. მოსკოვი მიიჩნევს, რომ ტრიბუნალს არა აქვს იურისდიქცია ქერჩის სრუტის ინციდენტის განსახილველად.
2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნაპირებთან რუსეთის მესაზღვრეებმა ხელში ჩაიგდეს უკრაინის სამი სამხედრო ხომალდი და დააკავეს 24 მეზღვაური. სამხედრო მოსამსახურეებს ადანაშაულებენ რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში. მეზღვაურები მოსკოვში იმყოფებიან საგამოძიებო იზოლატორში.