Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: რუსთავში საპატიმროს მშენებლობა ვერ დადგება ეჭვის ქვეშ


იუსტიციის სამინისტრო არ აპირებს რუსთავში საპატიმროს მშენებლობის შეჩერებას, ამასთან, უწყებაში იმედოვნებენ, რომ მოსახლეობასთან კონსენსუსს მიღწევას შეძლებენ.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტვ „იმედის“ ეთერით რუსთაველებს მიმართა, რომ აშენდება ორი ახალი აბსოლუტურად დახურული ციხე, სადაც გადაიყვანენ ასევე რუსთავში მდებარე მე-17 პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს.

„მშენებლობა ვერ დადგება ეჭვის ქვეშ, იმიტომ რომ, თუ ჩვენ გვინდა უსაფრთხო რუსთავი, გვჭირდება მე-17 დაწესებულების თანამშრომლების და პატიმრების უფრო მაღალი დაცვა და დახურული დაწესებულებები, სადაც [პატიმრების] რესოციალიზაცია იქნება შესაძლებელი“, მიმართა წულუკიანმა რუსთაველებს.

მინისტრის თქმით, მისი უწყება „ალბათ“ შეთანხმდება მოსახლეობასთან, რომ „რაც შეიძლება შორს შეიწიოს ციხის პერიმეტრი“ და მისი ღობე ნაკლებად ემსგავსებოდეს ციხისას.

„ჩვენი კარი ღიაა. ჩვენ ვესაუბრებით მოსახლოებას, მათ შორის მეც მაქვს კარი ღია და მზად ვარ შევხვდე [მშენებლობის მოწინააღმდეგეებს]“, თქვა წულუკიანმა.

მე-17 პენიტენციური დაწესებულებას, ე.წ. პირველ და მეორე კოლონიებს, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან თითქმის საერთო ღობე აქვს. კოლონიები დაახლოებით 800 პატიმარზეა გათვლილი.

თეა წულუკიანის თქმით, საქართველოში ყველაზე დიდი ე.წ. „ღია ზონები” რუსთაველებს ათეული წლებია აწუხებს.

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, სადაც საბჭოთა პერიოდში სამხედრო ნაწილი იყო დისლოცირებული, პენიტენციარული დაწესებულების მშენებლობა მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო. საპატიმრო რომ შენდებოდა, მოსახლეობამ მოგვიანებით გაიგო.

მშენებლობის წინააღმდეგ მოეწყო რამდენიმე საპროტესტო გამოსვლა.
ბოლო ასეთი აქცია 10 მაისს იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართა, მინისტრ წულუკიანთან შეხვედრის მოთხოვნით, თუმცა სამინისტროდან აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG