ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯერემი ჰანტი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ შესაძლოა აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტი "შემთხვევით" დაიწყოს, იმ ფონზე, როცა სპარსეთის ყურეში მატულობს დაძაბულობა.
ჰანტი ამ განცხადებით 13 მაისს, ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას გამოვიდა, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერთან, ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრის დაწყებამდე. შეხვედრის თემაა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების შენარჩუნების შესაძლებლობები.
ჰანტის გაფრთხილების ფონია აშშ-ის მხრიდან სპარსეთის ყურეში სადესანტო ხომალდის და „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტებით აღჭურვილი ბატარეის განთავსების გადაწყვეტილება, იმ დაუკონრეტებეული საფრთხის მოსაგერიებლად, რომელიც, ვაშინგტონის თქმით, ირანისგან მოდის.
მოგერინისა და მინისტრების 13 მაისის მოლაპარაკება მოსდევს თეირანის მიერ გასულ კვირაში გაკეთებულ განცხადებას, რომ აღარ შეასრულებს 2015 წლის ხელშეკრულებით ნაკისრ გარკვეულ პირობებს, თუკი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები არ დაიცავენ მის ინტერესებს აშშ-ის სანქციებისგან.
ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა მატულობს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი ერთი წლის წინ ხელშეკრულებიდან გავიდა და ირანს სანქციები აღუდგინა.
ხელშეკრულების ფარგლებში ირანი დათანხმდა თავისი ბირთვული პროგრამის შეკვეცას, ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. ხელშეკრულების ევროპელი მხარდამჭერები მის გადარჩენას ცდილობენ, მაგრამ თეირანი ჩივის, რომ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს.