Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპენსიო ასაკის პედაგოგები სურვილის შემთხვევაში მიიღებენ ორი წლის ხელფასს და დატოვებენ სკოლას


საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი და დატოვონ სკოლა. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, მათ ასევე შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა 2019 წლის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევაში ექნება:

  • თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე;
  • თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე;
  • თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი - ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადოს.
  • სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.
  • ყველა ის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერც ერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას და ვერ აიმაღლებს სტატუსს, შეძლებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე - დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით.

მასწავლებელთა რეგისტრაცია კომპეტენციის დასადასტურებლად 2019 წლის 13 მაისს დაიწყება და 24 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება. პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება და დარეგისტრირების საშუალება ექნებათ შემდეგ ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

XS
SM
MD
LG