აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა დანიშნა ფედერალური პროკურორი, რომელიც შეისწავლის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევის შესახებ გამოძების წყაროებს.
„ასოშიეტიდ პრესის“ ინფორმირებული ანონიმური წყაროს ცნობით, კონეკტიკუტელ პროკურორ ჯონ დარემს დაევალა იმის გარკვევა, თუ რამდენად „კანონიერი და მისაღებია“ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის შესახებ სადაზვერვო ცნობების შეგროვება.
ასეთი გამოძიების დაწყება მოითხოვა აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელმაც რუსეთის ჩარევის შესახებ გამოძიებას მისი ოპონენტების მხრიდან „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა. დონალდ ტრამპმა და მისმა მომხრეებმა ასევე დაადანაშაულეს იუსტიციის სამინისტრო და გამოძიების ფედერალური ბიურო ტრამპის კამპანიაზე უკანონო თვალთვალში.
ოპონენტები გენერალურ პროკურორ უილიამ ბარს ადანაშაულებენ იმაში, რომ იგი პრეზიდენტის სახელით მოქმედებს, მართლმსაჯულების ინტერესების საწინააღმდეგოდ.
გასულ თვეში ბარმა კონგრესმენებს უთხრა, რომ, მის აზრით, ტრამპის კამპანიაზე მართლაც ჰქონდა უკანონო თვალთვალს. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ აყალიბებს ჯგუფს, იმ წყაროების შესასწავლად, რომელსაც სპეცპროკურორ მიულერის გამოძიება ეყრდნობოდა.
რობერტ მიულერის გამოძიების დასკვნაში ნათქვამია, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი ერეოდა „სისტემატურად და გადაჭრით“, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი მტკიცებულება, თითქოს დონალდ ტრამპი და მისი გუნდი დანაშაულებრივ ფარულ გარიგებაში შესულიყვნენ რუს მოხელეებთან კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით.