Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნიუ-იორკ ტაიმსი“: ვაშინგტონი განიხილავს სამხედრო გეგმას ირანის წინააღმდეგ


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, პატრიკ შენეჰენი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, პატრიკ შენეჰენი

გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, თეთრი სახლი მუშაობს სამხედრო გეგმაზე, რომელიც შესაძლოა ითვალისწინებდეს ახლო აღმოსავლეთში 120 ათასამდე ჯარისკაცის გაგზავნას, თუ ირანი თავს დაესხმება ამერიკელ სამხედროებს, ან გაააქტიურებს მუშაობას ბირთვული იარაღის შესაქმნელად.

გაზეთმა ვაშინგტონის ადმინისტრაციის ანონიმი წარმომადგენლებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შენეჰენმა სამხედრო გეგმა წარადგინა გასულ კვირაში, უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის უმაღლესი რანგის მრჩეველთა შეხვედრაზე.

“ნიუ-იორკ ტაიმსის” ცნობით, გეგმის ნაწილი დეტალებშია გაწერილი და ყველაზე მკვეთრ ზომად ნახსენებია 120 ათასი ჯარისკაცის განთავსება, რაც კვირები, ან თვეები გაგრძელდებოდა.

ამავე ინფორმაციით, გეგმა არ ითვალისწინებს ირანის ტერიტორიაზე შეჭრას.

თეთრი სახლი და პენტაგონი ჯერ არ გამოხმაურებიან სტატიას, რომლის ფონსაც ქმნის ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობის მატება.

ხოლო ირანის საკითხში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბრაიან ჰუკმა ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-ს ჰყავს სამხედრო კონტინგენტი ახლო აღმოსვლეთში და საჯაროდ არის ცნობილი, რომ კონტიგენტი იზრდება - „იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მზადყოფნა, თუ თავს დაგვესხმებიან და ჩვენ ყოველთვის ვართ მომზადებული თავდასხმის შემთხვევისათვის“.

რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰუკს არ გაუკეთებია კომენტარი, უშუალოდ, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ სტატიაში მოყვანილ ინფორმაციაზე ირანის წინააღმდეგ სამხედრო გეგმის განხილვის შესახებ.

XS
SM
MD
LG