Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WISG: ფეისბუკგვერდზე კიბერშეტევა, სავარაუდოდ, ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა განახორციელეს


„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) განცხადებით, ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.

ორგანიზაციის განცხადებით, კიბერშეტევა, სავარაუდოდ, განხორციელდა ექსტრემისტული დაჯგუფებების მიერ:

„ვვარაუდობთ, რომ მობილიზებული ექსტრემისტული ჯგუფები, კვირას, 12 მაისს გამართული „ქვიარ დების გარბენის“ შემდეგ გააქტიურდნენ, მიიღეს რა ინფორმაცია გარბენის და ორგანიზატორების შესახებ რამდენიმე ონლაინ გამოცემის საშუალებით.

WISG-ის ფეისბუქ გვერდიდან წაშლილია რამდენიმე თვის წინ განთავსებული ფემინისტური მედიათეკის ვიდეო ეპიზოდები, მათგან ერთ-ერთი საქართველოში ანტი-გეი აღლუმების ისტორიას მიმოიხილავს, თუ როგორ სარგებლობენ დაინტერესებული აქტორები - სახელმწიფო, ეკლესია, ექსტრემისტული ჯგუფები და ბოლო წლებში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული ფსევდო-მხარდამჭერები - ლგბტ აქტივისტების მიერ საჯარო სივრცის დაკავებისთვის ბრძოლის პროცესში“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფს“ ამ დრომდე არ ეძლევა საშუალება მასალები ფეისბუკზე გააზიარონ ოფიციალური საიტიდანაც.

ორგანიზაციის განცხადებით, ფეისბუქის შინაარსის მონიტორინგის სისტემას უამრავი ხარვეზი აქვს და პლატფორმა ვერ ახერხებს ეფექტურად რეაგირებას:

„სულ უფრო ხშირდება საჩივრები და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აქტიურად იყენებენ მსოფლიოს მასშტაბით ამ პლატფორმას სხვადასხვა ექსტრემისტული თუ ნაცისტური ჯგუფები.

ჩვენი გუშინდელი გამოცდილება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ სისტემა ეფექტურად ვერ ახერხებს ერთი მხრივ, ექსტრემისტების მიერ გავრცელებული მასალის მონიტორინგს, და მეორე მხრივ ასეთი ჯგუფების მიერ დარეპორტებულ მასალებს.

პლატფორმა ეფექტურად მხოლოდ მაშინ რეაგირებს, როცა რეპორტების რაოდენობა დიდია და აქტიურად მიმდინარეობს. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ქვიარ, ფემინისტური და სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი სხვა ჯგუფები, Facebook-ის სივრცეში იმავე მდგომარეობაში ვართ, როგორც 2013 წლის 17 მაისს პარლამენტის წინ შეკრებილი მცირერიცხოვანი ქვიარ აქტივისტები, აგრესიული და ძალადობისკენ მომართული ადამიანების მრავალათასიანი ჯგუფის წინ მდგარნი ვიყავით“, - ნათქვამია WISG-ის განცხადებაში.

WISG-მა ფეისბუკს უკვე გაუგზავნა ვრცელი შეტყობინება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG