Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ლატვიაში შეხვდა ქართველ სტუდენტებსა და საჯარო მოხელეებს


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ სტუდენტებთან შეხვედრით დაიწყო ოფიციალური ვიზიტი ლატვიაში, სადაც ის 14 მაისს საღამოს ჩაფრინდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ლატვიის საგარეო უწყების სასწავლო პროგრამის მონაწილე საჯარო მოხელეებიც.

პრეზიდენტმა აღნიშნა ბალტიისპირეთის ქვეყნების მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიმართ, რის გამოც ასეთ ვიზიტებს, მისი შეფასების, დიდი მნიშვნელობა აქვს.

ლატვიასთან ორმხრივ ურთიერთობაზე საუბრისას, ზურაბიშვილმა თქვა, რომ შესაძლებელია მისი გაღრმავება და განვითარება კულტურისა და ეკონომიკის სფეროებში.

ხოლო შეხვედრის მონაწილე სტუდენტებმა თქვეს, რომ საჭიროდ მიაჩნიათ „უცხოეთში განათლებამიღებული სტუდენტების მოტივაციის ამაღლება, რათა ისინი დაბრუნდნენ საქართველოში და დაეხმარონ საკუთარ ქვეყანას განვითარებაში“, ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობაში.

შეხვედრაში მონაწილე ქართველი ახალგაზრდა საჯარო მოხელეები განათლებას იღებენ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამთვიან სასწავლო პროგრამაში ,,ევროკავშირის სამართალი და ეკონომიკა".

სალომე ზურაბიშვილი ლატვიის შემდეგ ესტონეთს ეწვევა 15-16 მაისს.

XS
SM
MD
LG