Accessibility links

site logo site logo

ზურაბიშვილი „საქართველოს სახედ“ და „საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად“ მიიჩნევს დიასპორას


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს შეხვდა დიასპორის წარმომადგენლებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო ბალტიისპირეთის ქვეყნებში პრეზიდენტის ვიზიტების მნიშვნელობასა და დიასპორის როლს.

პრეზიდენტმა „უცხოეთში საქართველოს ელჩები“ უწოდა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებიც, მისი აზრით, ქვეყნის სახესა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.

ზურაბიშვილმა თქვა ასევე, რომ არსებობს დიასპორასთან დაკავშირებული ახალი ინიციატივები, რომელთაგან ერთ-ერთი უკავშირდება იუსტიციის სახლებში დიასპორისათვის საჭირო ინფორმაციის თავმოყრას, რათა ერთი ფანჯრის პრინციპით, სამშობლოში დაბრუნების მსურველმა ადამიანებმა მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია: საქართველოში ბიზნესის დაწყების, სოფლის მეურნეობის მიმდინარე პროგრამებისა თუ რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის შესახებ.

პრეზიდენტს საჭიროდ მიაჩნია, რომ დიასპორა უფრო მეტად იყოს ინფორმირებული ორმაგი მოქალაქეობის შესახებ, რომელზეც ის დეპუტატობის დროს მუშაობდა და რომელიც ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ ამოქმედდა.

ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ლატვიაში მყოფ ქართველ სტუდენტებსა და საჯარო მოხელეებს, რომლებიც მომზადების სამთვიან კურსს გადიან.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ლატვიაში 14-15 მაისს იმართება, რასაც მოჰყვება მისი ვიზიტი ესტონეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG