Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა ძალადობის, საბიუჯეტო რესურსის ხარჯვის ფაქტები


ძალადობის ფაქტები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა და საბიუჯეტო რესურსის ხარჯვა საარჩევნო მიზნებისთვის - ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე წინასაარჩევნო გარემოს. შეფასების არეალში მოხვდა პერიოდი 2019 წლის 28 აპრილიდან 15 მაისამდე.

საია-ს ინფორმაციით, შუალედური არჩევნების თარიღის, 19 მაისის მოახლოებასთან ერთად, ვითარება უფრო და უფრო იძაბება:

„თითოეული ასეთი გადაცდომა საზოგადოებრივი სიმშვიდის ხელყოფის საფრთხეს შეიცავს. განსაკუთრებული დაძაბულობაა ზუგდიდის ოლქში, სადაც პოლიტიკური ძალების ნაწილი არ ერიდება იმგვარ ქმედებებსაც კი, რომლებიც, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. მეტიც, გამოქვეყნდა ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობის წევრი გია დანელიაა აღბეჭდილი, რომელიც საუბრობს ინსტრუქციაზე ამომრჩეველზე ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმის გამოყენების შესახებ. შესაბამისად, საია მოუწოდებს პარტიებს – გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მექანიზმები, რათა აღკვეთონ და არ დაუშვან წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვა მოვუწოდებთ შს სამინისტროს გაატაროს პრევენციული ღონისძიებები ამგვარი ფაქტების წინასწარ აღსაკვეთად, ხოლო აქამდე მომხდარი შემთხვევები მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს კონკრეტული პირები“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე.

რაც შეეხება საბიუჯეტო რესურსების გამოყენებას, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საიამ გამოიკვლია იმ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში შეტანილი ცვლილებები, სადაც რიგგარეშე/შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან აკრძალულია სოციალური გასაცემლების ოდენობების ზრდა და ახლის დაწესება. მიუხედავად ამისა, ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში სოციალურ პროგრამებში განხორციელდა ცვლილება და დაემატა 13,500 ლარი. ეს ფაქტი საიას მიერ ფასდება, როგორც საბიუჯეტო რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება.

საიას ინფორმაციით, დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტიც.

2019 წლის 14 მაისს ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემა „ლუსტრაციის“ ჩაწერისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს. შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტები საკუთარ პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, ხოლო თავდასხმის შედეგად მათ არ მიეცათ საკუთარი პროფესიული მოვალეობის დაუბრკოლებლად შესრულების შესაძლებლობა, საია მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა წარიმართოს სპეციალური მუხლით, რომელიც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლას გულისხმობს.

საიას ანგარიშში ასევე ასახულია წინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევის შემთხვევებიც.

საიამ დააფიქსირა უფასო პოლიტიკური რეკლამის სხვა საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ სატელევიზიო მაუწყებლებში განთავსების რამდენიმე შემთხვევაც.

19 მაისს ტარდება პარლამენტისა და საკრებულოების შუალედური არჩევნები და მერების რიგგარეშე არჩევნები. კერძოდ, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის შუალედური არჩევნები გაიმართება თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება 8 მუნიციპალიტეტში, ხოლო მერების რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG