ზესტაფონში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატის, გოგი წულაიას მხარდამჭერი სპარტაკ კაპანაძე პირველი სვირის 26-ე საარჩევნო უბანზე დააკავეს. კაპანაძე უბანზე გოგი წულაიას მხარდამჭერი მაისურით მივიდა.
"მხარდამჭერი მაისურით უბანზე დილის 7 საათზე მივედი, თუმცა შენიშვნა არავის მოუცია. რეალურად, დამაკავეს მას შემდეგ, რაც საარჩევნო სიაში გარდაცვლილი პირები დავაფიქსირე. კომისიის თავმჯდომარემ მითხრა, რომ თურმე ეს პირები გარდაცვლილად მისი ოჯახის წევრებმა უნდა აღიარონ. ერთ-ერთი პირი 2018 წელში იყო გარდაცვლილი და არა ერთი ან ორი კვირის წინ. როგორ შეიძლებოდა მისი სიაში ყოფნა. არ ვიცოდი რომ მხარდამჭერი მაისურით ყოფნა უბანზე დარღვევა იყო. როდესაც კომისიის წევრმა მიმითითა დარღვევაზე, მაშინვე დავტოვე საარჩევნო უბანი,"- განაცხადა სპარტაკ კაპანაძემ.
დაკავებული კაპანაძის საკითხზე მსჯელობა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი გაურკვეველი მიზეზით 24 მაისამდე გადადო.
„მაისური ეცვა ჩემი წარწერით და ვაღიარებ, რომ არღვევდა კანონს, მაგრამ იმ ფონზე, რასაც თავად ჩადიან, ეს საბავშვო თამაშია. კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა „მკვდარი სულები“ სიაში, მიუთითა თავმჯდომარეს, აქ დაიწყო კონფლიქტი, გამოიძახეს პატრული, ვითომ შვარცნეგერი იყო და ვერ გააკავებდნენ. სპეცოპერაცია ჩაატარეს სოფლის დასანახად და დასაშინებლად." - თქვა თავად გოგი წულაიამ მომხდართან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ვინც ფულით, ძალადობით და ბიძინას ხათრით მოვა, ის იქნება ვალდებული ფულის, ძალადობის და ბიძინას წინაშე და თავის მხარდამჭერებს მოუწოდა ბიულეტინების დასაცავად საოლქო საარჩევნო კომისიასთან მისვლისკენ ხმების დასაცავად.