Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან იზორია ჯონ ბოლტონს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ეროვნული საფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს შეხვდა კონექტიკუტის შტატში, ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საზეიმო ცერემონიაზე.

აშშ-ის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი წელს ქართველმა კადეტებმა, კონსტანტინე ყიფიანმა და ალექსანდრე წერეთელმა დაამთავრეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კადეტებს დიპლომები ჯონ ბოლტონმა და ლევან იზორიამ გადასცეს.

„მქონდა პატივი, უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ჯონ ბოლტონთან ერთად მიმელოცა კადეტებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული სამხედრო სასწავლებლის წარმატებით დასრულება. განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის ორი ქართველია და ისინი მომავალში აქ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას მოახმარენ“ - განაცხადა ლევან იზორიამ

კადეტები კონსტანტინე ყიფიანი და ალექსანდრე წერეთელი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2015 წელს ჩაირიცხნენ, შესარჩევი კონკურსის წარმატებით გავლის საფუძველზე კი სწავლა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის საბაკალავრო პროგრამაზე განაგრძეს.

სამხედრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ მათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კადეტები სპეციალიზაციის კურსს გაივლიან და თავდაცვის ძალებში ოცმეთაურის თანამდებობაზე დაინიშნებიან.

აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში საზეიმო ცერემონიის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პატივი მიაგო ამავე აკადემიის კურსანტების, 2015 წელს ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ხსოვნას. ლევან იზორიამ სასწავლებლის ტერიტორიაზე მდებარე ქართველი კადეტების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

XS
SM
MD
LG