რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება დროებით კეტავს დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს. ამჯერად, მიზეზად დასახელებულია სკოლებში „ბოლო ზარის“ აღნიშვნა.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 24 მაისს 20 საათიდან შეწყდება მოქალაქეთა გაშვება „საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთის ადგილებში.“ შეზღუდვა მოიხსნება 26 მაისს, დილის 6 საათიდან.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი 8 მაისსაც დაკეტა. მაშინ მიზეზად დაასახელეს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 74-ე წლისთავის უსაფრთხოდ აღნიშვნის აუცილებლობა.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის ერთადერთი ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი ახალგორის რაიონში მდებარეობს.