Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების დირექტორი


საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების(CDC) დირექტორი რობერტ რედფილდი.

ის პირადად ეცნობა საქართველოსა და CDC-ის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგებს. დღეს რობერტ რედფილდი პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შეხვდა.

საქართველოში CDC-ის მისიაა ინსტიტუციურ დონეზე ეპიდაფეთქებების დროული გამოვლენისა და რეაგირების შესაძლებლობების გაფართოება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კომუნიკაციით.

ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში CDC-ის აქტივობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ჰეპატიტები, გრიპი, ზოონოზური, რესპირატორული, დიარეული დაავადებები, ტუბერკულოზი, ნუტრიციოლოგია, სქესობრივად გადამდები დაავადებები და სხვა.

ეროვნული ცენტრის განმარტებით, CDC-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციის პროგრამის დაწყებასა და განხორციელებაში.

1996 წელს სწორედ CDC-ის სტრუქტურული და ფუნქციური მოდელი გამოიყენეს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შექმნის პროცესში.

2009 წელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შენობაში დაფუძნდა CDC-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი, რომლის მთავარი ფუნქცია იყო საველე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის მიწოდება საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეპიდემიოლოგებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG