Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: უკრაინაში დავბრუნდი არა შურისძიებისთვის, არამედ აღმშენებლობაში მონაწილეობისთვის


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც 2017 წელს დაატოვებინეს უკრაინის ტერიტორია, კიევში დაბრუნდა.

პოლონეთიდან კიევში ჩაფრენილ სააკაშვილს ბორისპოლის აეროპორტში ხალხმრავალი დახვედრა მოუწყვეს.

სააკაშვილმა აეროპორტში გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ ის უკრაინაში ბრუნდება არა შურისძიებისთვის, არამედ ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობის მისაღებად და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა შეძლებს, „მოახდინოს გარღვევა“ და გახდეს ევროპის ყველაზე წარმატებული ქვეყანა.

„მე აქ ჩამოვედი არა შურისძიებისთვის, ვინმეს დასასჯელად, ვინმეს ან რამის დასანგრევად. ნგრევა, შურისძიება - ეს საერთოდ არ არის ჩემი სტილი. აქ დავბრუნდი იმის საკეთებლად, რის კეთებაც ყოველთვის ყველაზე უკეთ შემეძლო - შენებისთვის, იმისთვის, რის კეთების საშუალებაც არ მომცეს ოდესაში,“ თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის მხარში დაუდგება ახალარჩეულ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც „სიტყვის კაცი“ აღმოჩნდა, შეასრულა დანაპირები და უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა მას. ზელენსკის მან „მამაცი, დამოუკიდებელი პოლიტიკოსი“ უწოდა. ვფიქრობ, ზელენსკი ბევრს გააკვირვებსო, დასძინა მან.

სააკაშვილმა თქვა, რომ მისთვის არავითარი თანამდებობა არ შეუთავაზებიათ, მაგრამ ის მზად არის დახმარება აღმოუჩინოს პრეზიდენტს: „მომეცით საშუალება, აქეთ-იქით მიმოვიხედო. მე თვითონ არსად არ წავალ, არავითარ არჩევნებზე. მაგრამ, რა თქმა უნდა, დავეხმარები და ყველანაირად ხელს შევუწყობ უკრაინის პოლიტიკური კლასის სრულ განახლებას, სრულ გათავისუფლებას ვაჭრუკანებისგან და უკრაინის მძარცველებისგან“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ ქვეყნის მოქალაქეობა 28 მაისს დაუბრუნა სააკაშვილს.

უკრაინის წინა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს 2015 წელს მიანიჭა მოქალაქეობა და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა, ორი წლის შემდეგ კი მოქალაქეობა ჩამოართვა.

პოროშენკოს მმართველობის დროს სააკაშვილს 2021 წლამდე აეკრძალა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG