Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პორტს ებრძვიან ძალები ხელისუფლებაშიც


ლევან ახვლედიანი
ლევან ახვლედიანი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის შეფასებით, ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასაწყებად ნებართვის გაცემა ადასტურებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას მოწინააღმდეგეები ჰყავს საქართველოს ხელისუფლებაშიც.

ახვლედიანისთვის დაუჯერებელია, რომ ნებართვის გაცემიდან 28 დღის განმავლობაში ეს ფაქტი ხელისუფლებაში არავინ იცოდა.

„მე არ მინდა, რომ ამაში მთელი ხელისუფლება მოვაქციო. რა თქმა უნდა, არა. გამოვრიცხავ, რომ მთელი ხელისუფლების ძალისხმევა იყოს ამაზე მიზანმიმართული, ეს ნამდვილად ასე არ არის. მაგრამ არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებიც ასევე ხელისუფლებაში არიან, რომლებმაც ეს კონკრეტული მიზანმიმართული ქმედება განახორციელეს" - განაცხადა ლევან ახვლედიანმა 30 მაისს გამართულ ბრიფინგზე. მას კონკრეტული პირები არ დაუსახელებია.

ჟურნალისტების შეკითხვას ხომ არ გულისხმობს ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, ან ბიზნესმენს ვანო ჩხარტიშვილს, ლევან ახვლედიანმა უპასუხა: "კონკრეტულ სახელებს და გვარებს ვერ დაგისახელებთ, შევიკავებ თავს."

„ის ფაქტი, რომ გაიცა ნებართვა 2 მაისს და ამდენი ხნის მანძილზე იყო დაფარული ეს, ცხადყოფს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არსებობენ ძალები როგორც ქვეყნის შიგნით ხელისუფლებაშიც, ქვეყნის გარეთ, რომლებიც მიზანმიმართულად იბრძვიან იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ანაკლიის პორტის პროექტს. ეს არის ცალსახა“ - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

მისივე თქმით ფოთის და ანაკლიის შედარება სწორი არ იქნება. ახვლედიანი ამბობს, რომ ანაკლია მომავალი განვითარების პროექტია, არ არის მარტო პორტი და აქვს სულ სხვა, სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც საქართველოსთვის, ისე მისი მოკავშირე ქვეყნებისთვის.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ფოთის პორტთან დაკავშირებული ნებართვის გაცემამ გამოიწვია პარტნიორების ეჭვი სამომავლო გარანტიების მიმართ. ლევან ახვლედიანის ინფორმაციით, 29 მაისს საღამოდან უკავშირდებოდნენ პარტნიორები, ბანკები და ოპერატორი, რომლებიც გამოთქვამდნენ დიდ შეშფოთებას და იყვნენ შოკირებული.

„განსაკუთრებით იმიტომ, რომ ნებართვა გაიცა 2 მაისს და 21 მაისს, როცა შედგა შეხვედრა ბანკებსა და სახელმწიფოს შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი არ თქმულა. ეს აზიანებს ჩვენი ინვესტორების ნდობას მთავრობის მიმართ და პროცესის მიმართ“ - განაცხადა ახვლედიანმა. მისივე თქმით, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ნდობა აღდგეს და მხარეები დაუბრუნდნენ კონსტრუქციული მოლაპარაკების რეჟიმს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ კონსორციუმი და აქციონერები თავის ვალდებულებებს ყოველთვის ზედმიწევნით ასრულებდნენ, ასრულებენ და მზად არიან მომავალშიც შეასრულონ.

„თუმცა, ამისთვის უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა, რაც დამოკიდებულია მთავრობასა და ბანკებს შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაზე" - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

29 მაისს საღამოს, კომპანია „ეიპიემ ტერმინალი ფოთმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების სამინისტროსგან მიიღო ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა. ამას მოჰყვა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერების საფრთხის წინაშე დადგა.

30 მაისს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უარყო, რომ გაცემული იყო ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა. თურნავას განცხადებით, რეალურად საუბარია მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტზე, რომელიც მთავრობასთან შეუთანხმებლად გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით. სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG