ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებაში დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა სტუდენტის მიერ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორის, საკრებულოს წევრის, ომარ მახარაძის გამოკითხვა. პროცედურას მისი ორი ადვოკატი ესწრებოდა.
გამოკითხვის შემდეგ, ომარ მახარაძემ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ აგორებულია ბინძური კამპანია, რომელსაც კატეგორიულად ემიჯნება და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
„ჩემი ჩვენების შედეგად, ვფიქრობ, რომ არანაირი დანაშაული არ იკვეთება, არანაირი დანაშაულებრივი შემადგენლობა. მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება სიმართლე“ - უთხრა ჟურნალისტებს ომარ მახარაძემ.
საკრებულოს წევრის თქმით, ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს სავარადოდ, სურს მისი, ოჯახის წევრების და ახლობლების დისკრედიტაცია და საუნივერსიტეტო და პოლიტიკური საქმიანობიდან მისი ჩამოშორება
„იურისტი ვარ და არ დავარღვევ არცერთი ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას ჩემი ოპონენტებისგან განსხვავებით, რომლებმაც ცილისმწამებლური, ძალიან ბინძური და შეურაცხმყოფელი სკანდალი ამიგორეს. შესაძლებელია აიქლაუდი გამიტეხა, ან ვიღაცამ ისარგებლა ჩემი ტელეფონით. დამატებითი განმარტებებისგან შევიკავებ თავს. არასოდეს მე არ მიმიწერია” - განაცხადა ომარ მახარაძემ.
ჟურნალისტების შეკითხვას, ჰქონდა თუ არა სტუდენტებთან მიმოწერა, ომარ მახარაძემ უპასუხა: „მსგავსი ისეთი არაფერი არ მახსენდება. თუმცა ის, რაც საგამოძიებო ორგანოებს აქვთ, არის ჩვეულებრივი, მეგობრული, წმინდა საუნივერსიტეტო საქმიანობას უკავშირდება, რაც სტუდენტებს აინტერესებთ, გამოცდის ქულების შეყვანა და ასე შემდეგ.“
ომარ მახარაძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონა. მას მტკიცებულებებად აქვს სავარაუდო მიმოწერა მახარაძესთან, ინტიმური ფოტოების გადაღების და გაგზავნის თხოვნით. სტუდენტმა მედიასთან პირველი განცხადება 21 მაისს გააკეთა.
თავდაპირველად შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით, თუმცა, სტუდენტის გამოკითხვის შემდეგ, 24 მაისს საქმეს კვალიფიკაცია უფრო მძიმე მუხლით შეუცვალა. ამჟამად გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის139-ე მუხლით, რაც გულისხმობს პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას.
27 მაისს, ომარ მახარაძემ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა განცხადებით, რომ „სიმართლის დადგენამდე“ ტოვებს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას და ფრაქციას „ქართული ოცნება-მრეწველები.“
28 მაისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილებით, ომარ მახარაძეს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა. მანამდე საბჭომ დახურულ სხდომებზე გამოკითხა გოგონა, რომელიც მახარაძეს ბრალს სექსუალურ შევიწროებაში სდებს და სხვა სტუდენტებიც.