Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნიუ-იორკ ტაიმსი“: ბასიანზე წვეულება პოლიტიკაა


გავლენიანმა ამერიკულმა გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ მოზრდილი სტატია მიუძღვნა ქართულ საკლუბო სცენას და განსაკუთრებული ყურადღება კლუბ „ბასიანზე“ გაამახვილა. გაზეთის შეფასებით, აქ ცეკვა, გართობა, აქტივიზმი და პოლიტიკა ერთმანეთშია გაზავებული.

„ნიუ იორკ ტაიმსი“ სტატიის დიდ ნაწილს HOROOM-ს უთმობს -„ბასიანის“ ყოველთვიურ ლგბტ წვეულებებს, რომლებსაც ათასამდე ადამიანი ესწრება ხოლმე. ავტორი ხაზს უსვამს საღამოებზე მოსახვედრად აუცილებელ ვერიფიკაციის პროცესს, რომლის მიზანიც ჰომოფობიური ინცინდენტების თავიდან არიდებაა და წერს, რომ აქ მოსულთათვის წვეულება ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, როდესაც საკუთარი თავის გამოხატვა უშიშრად შეუძლიათ.

სტატიაში „ბასიანი“ მოხსენიებულია, როგორც „მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტექნო კლუბი“, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ხოლმე მუსიკის მოყვარულები. „თუმცა, საქართველოში ეს კლუბი მხოლოდ გიჟური გართობის ადგილი არ არის. ის სხვადასხვა დებატების ფრონტის წინა ხაზზე მდებარეობსო“ - წერს ავტორი.

ბრძოლის ერთ-ერთ ასეთ ველად სტატიაში წარმოჩენილია დებატები დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. გაზეთი წერს,საქართველოს ევროპაში თავისუფლების აღკვეთის კუთხით მეორე ადგილზეა და პატიმართა 34 პროცენტი სასჯელს ნარკოტიკთან დაკავშირებული დანაშაულის გამო იხდისო.

„ნიუ-იორკ ტაიმსი“ სტატიის დაახლოებით ნახევარს 2018 წლის მაისის მოვლენების აღწერას უძღვნის, როდესაც თბილისის რამდენიმე კლუბში პოლიციის შესვლას საპროტესტო აქციები მოჰყვა და ამ აქციების ორგანიზებაში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ როლზე წერს.

სტატია სრულდება „ბასიანის“ ერთ-ერთი მფლობელის, ზვიად გელბახიანის სიტყვებით - ჩვენ პირველ რიგში აქტივისტები ვართ და მხოლოდ შემდეგ - კლუბის მფლობელები. ჩვენ ამას ბიზნესად არ აღვიქვამთ და გვინდა ჩვენი იდეები კლუბის მეშვეობით დავნერგოთო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG