„აიპიემ ტერმინალის“ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილება ჩემს მიერ იქნა მიღებული, ვადასტურებ, რომ იყო გარკვეული ხარვეზები ბრძანებაში,- უთხრა ჟურნალისტებს მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გრიგოლ კაკაურიძემ.
მისი ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მას საქმის კურსში არ ჩაუყენებია.
კაკაურიძემ არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, იცოდა თუ არა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა ოთარ ფარცხალაძის მეგობარს და იმსახურებდა თუ არა იგი თანამდებობიდან გადაყენებას.
„მინდა დავადასტურო ნამდვილად, რომ ფოთის პორტის „აიპიემ ტერმინალის“ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილება ჩემს მიერ იქნა მიღებული. ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ქალბატონი ნათია თურნავა უშუალოდ მე არ ჩამიყენებია საქმის კურსში. იყო გარკვეული ხარვეზები ბრძანებაში, ამასაც ვადასტურებ და დღეის მდგომარეობით, ეს ბრძანება ძალადაკარგულად არის გამოცხადებული“,- განაცხადა კაკაურიძემ.
29 მაისს საღამოს, კომპანია „ეიპიემ ტერმინალი ფოთმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მიიღო ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა. ამას მოჰყვა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერების საფრთხის წინაშე დადგა.
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უარყო, რომ გაცემული იყო ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა. თურნავას განცხადებით, რეალურად საუბარია მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტზე, რომელიც მთავრობასთან შეუთანხმებლად გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით. მისი განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.