Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დააკავეს შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, ძებნილი გიორგი სამუშია


საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში დააკავეს საქართველოს მიერ ინტერპოლით ძებნილი, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია, რომელსაც ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და წამება.

პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წელს მომხდარ ამავე ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი არიან შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები დავით ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა.

პროკურატურის ონფოცმაციით, „2012 წლის 28 ივლისს, გიორგი სამუშიამ, სხვა პირებთან ერთად, იმჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირების, დავით ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავას და რომან შამათავას დავალებით,ზუგდიდში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ელბერდ კობერიძეს, ხელბორკილებით და სახეზე ნიღაბჩამოცმული გადაიყვანა თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ერთობლივი განზრახვით დაგეგმილი იყო წამების გზით კობერიძისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებითი ჩვენების მიღება. ამ მოთხოვნით, დავით ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან შამათავამ სამხედრო პოლიციის შენობაში, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს და სცემეს ელბერდ კობერიძე. წამებისა დროს არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი. ელბერდ კობერიძე იმდენად სასტიკად აწამეს, რომ მან გონება დაკარგა და უმწეო მდგომარეობაში, სასტიკად ნაწამები იმყოფებოდა 10 დღის განმავლობაში. მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში მომუშავე რიგითი თანამშრომლების თხოვნით, რის შემდეგაც ელბერდ კობერიძე გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება“

პროკურატურის ცნობით, გიორგი სამუშიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2015 წლის 11 დეკემბერს და მას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა, თუმცა, 9 თვიანი საპატიმრო ვადის ამოწურვამდე სამუშიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეუცვალა და დამატებითი ღონისძიებად განუსაზღვრა პასპორტის ჩამორთმევა. პროკურატურის განცხადებით, სამუშიამ მოტყუებით, თითქოსდა პასპორტი დაკარგა, საჯარო რეესტრში მოითხოვა ახალი პასპორტი, რომლის გამოყენებითაც დატოვა საქართველოს ტერიტორია.

საქართველოს გენერალური პროკურატურა შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ ვადებში მიმართავს უკრაინის გენერალურ პროკურატურას, გიორგი სამუშიას საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე.

XS
SM
MD
LG