Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანა კოსტავას გენდერული საბჭოც დაატოვებინეს


ქუთაისის საკრებულოს გენდერული საბჭოდან გარიცხეს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნანა კოსტავა.

„ჩემი პოზიცია ერთმნიშვნელოვანია, ვაყენებ საკითხს, ნანა კოსტავას საბჭოდან გასარიცხად, მე როგორც გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, არ დავუშვებ საბჭოს წევრის მხრიდან კეთდებოდეს მსგავსი განცადებები, ამ საბჭომ ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადადგა. არ დავუშვებ ამ ინსტიტუციის სახელი შეილახოს,"- განაცხადა გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი შენგელიამ.

გენდერულ საბჭოში 20 წევრია. სხდომას 17 წევრი ესწრებოდა. ყველა მათგანმა მხარი დაუჭირა ნანა კოსტავას გარიცხვას. თავად კოსტავა სხდომას არ დასწრებია.

მანამდე ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავას ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინეს.

ნანა კოსტავამ 28 მაისს, ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა ბლოგერის, სალომე ბარკერის ვიდეო მინაწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“.

ბლოგერის 16 წლის და 26 მაისს, ლაგოდეხში ექსკურსიის დროს დაიღუპა. მისი ცხედარი მაშველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, მდინარე ნინოსხევში იპოვეს.

ნანა კოსტავამ პოსტი 30 მაისს წაშალა და ასეთი განმარტება გააკეთა:

„ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება....ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად. მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს. ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს. მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი, რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ“.

XS
SM
MD
LG