გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხში, ნილს მელცერი აცხადებს, რომ „ვიკილიკსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი „ფსიქოლოგიურ წამებას“ განიცდიდა „მტრული“ გარემოსგან, რომელშიც მრავალი წელი დაჰყო.
მელცერმა 31 მაისს ჟენევაში განაცხადა აგრეთვე, რომ ორმა სამედიცინო ექსპერტმა 9 მაისს მოინახულა ასანჟი ბრიტანეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში.
გაეროს წარმომადგენლის შეფასებით, ასანჟს „განზრახ“, რამდენიმე წელი ამყოფებოდნენ „სასტიკი, არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის“ პირობებში.
47 წლის ასანში 11 აპრილს დააკავეს მას შემდეგ, რაც მან შვიდი წელი დაჰყო ლონდონში ეკვადორის საელჩოში. აშშ მის ექსტრადიციას მოითხოვს საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისა და საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებაში აშშ-ის არმიის ყოფილი ანალიტიკოსის დახმარების ბრალდებებით.
30 მაისს ბრიტანეთმა გადადო აშშ-ში ექსტრადიციის მოთხოვნის განხილვა, რადგან ასანჟი შეუძლოდ იყო და ვერ შეძლებდა ვიდეო-კონფერენციაში მონაწილეობას.
ექსტრადიციის საკითხის განხილვა ახლა 12 ივნისისთვის დაინიშნა.