Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კირკიტაძემ ბრალი აღიარა


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ მისთვის წარდენილი ბრალი აღიარა - ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე პროკურორის შეკითხვას, აღიარებს თუ არა ბრალს, კირკიტაძემ უპასუხა, რომ აღიარებს.

„ველისციხის ინციდენტის დროს განვითარებული მოვლენები ყველამ იხილა. ავტობუსი, რომელიც ხელს გვიშლიდა, არ ჰქონდა ამომცნობი ნიშანი და ამან გამოიწვია ის ფაქტი, რაც მოხდა. თორემ ჩემი განზრახვა, ვინმესთვის რომ შურაცხყოფა მიმეყენებინა, არ ყოფილა", - განაცხადა დავით კირკიტაძემ. მისივე თქმით, პოლიციელზე თავდასხმის წინასწარი განზრახვაც არ ჰქონია. დავით კირკიტაძემ აღნიშნა, რომ პოლიციელების საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და მათ ბოდიშს უხდის.

ამის შემდეგ, ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად ერთსაათიანი დრო ითხოვა.

საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს, დავით კირკიტაძეს ბრალად ედება 2018 წლის 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმა და სხვისი ქონების დაზიანება. მსგავსი დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG