Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო გოგუაძე: ნაციონალური მოძრაობის კამპანია მიმართული იყო პროვოკაციების შექმნისაკენ


„ნაციონალური მოძრაობა, არჩევნებზე უსაფუძვლო საჩივრების დაწერით, ცდილობდა შეექმნა შთაბეჭდილება, რომ არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობდა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას.

ნინო გოგუაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია მიმართული იყო პროვოკაციების შექმნისაკენ.

„პირადად ვაკვირდებოდი არჩევნებს ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, ვაკვირდებოდი როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, ასევე არჩევნების დღეს. როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი ხვდებოდა ამომრჩეველს მშვიდ, წყნარ გარემოში, „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია მიმართული იყო იმისკენ, რომ შეექმნა პროვოკაციები, დაძაბულობის ფონი, მოეხდინა ადმინისტრაციის დისკრედიტაცია და უსაფუძვლო საჩივრები ეწერა. მეტს არაფერს აკეთებდნენ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში. ქალბატონი თინა ბოკუჩავას ინციდენტიც საარჩევნო უბანზე სწორედ ამის ძალიან თვალსაჩინო მაგალითი იყო. ის სრულიად უკანონოდ უბნის კომისიას სთხოვდა, რომ უბანზე დარჩენის უფლება მოეპოვებინა. ძალიან არასასიამოვნო იყო ის სცენა, როდესაც ის გამოიყვანეს უბნიდან, მაგრამ ეს იყო მოთხოვნა და მისი უკანონო მოთხოვნის პასუხი. დაწერეთ საჩივარი ამაზე? არ დაგიწერიათ, რადგან უკანონოდ ითხოვდით უბანზე დარჩენას და ასევე კანონიერად გამოგაძევეს საარჩევნო უბნიდან“, - მიმართა ნინო გოგუაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინა ბოკუჩავას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თინა ბოკუჩავას, 19 მაისს ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. დეპუტატი აცხადებდა, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა და საარჩევნო უბანზე მართვის მოწმობით იმყოფებოდა.

თამარ ჟვანია პარლამენტში 31 მაისს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიწვია. პარლამენტში მისულ ცესკოს თავმჯდომარეს, საპარლამენტო ოპოზიციამ არჩევნების მთავარი გამყალბებელი უწოდა.

XS
SM
MD
LG