Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალბანეთში ანტისამთავრობო მანიფესტაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა


ალბანეთის დედაქალ ტირანაში ანტისამთავრობო მანიფესტაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დაპირისპირება 2 ივნისს, საღამოს მოხდა პარლამენტთან, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი მოითხოვდა ალბანეთის პრემიერ-მინისტრის ედი რამას გადადგომას.

მანიფესტანტების ნაწილმა პოლიციელებს აალებადი სითხის შემცველი ბოთლები და პეტარდები დაუშინა. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ალბანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დაშავდა 10 პოლიციელი და აქციის 3 მონაწილე.

ალბანეთში საპროტესტო აქციები თებერვლიდან მიმდინარეობს. ოპოზიცია მოითხოვს გადადგეს პრემიერ-მინისტრი ედი რამა, რომელიც ამ თანამდებობას 2013 წლიდან იკავებს და ახალი არჩევნები ჩატარდეს.

ალბანეთის მმართველ სოციალისტურ პარტიას და მის თავმჯდომარეს, ედი რამას კორუფციასა და საარჩევნო მაქინაციებში ადანაშაულებენ. თებერვლის ბოლოს, პროტესტის ნიშნად, პარლამენტის მანდატებზე უარი თქვა ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის და მისი მოკავშირე პოლიტიკური ძალების 60-ზე მეტმა წარმომადგენელმა.

XS
SM
MD
LG