„სასამართლო სისტემა დაავადებულია. უნდა დადგინდეს დიაგნოზი იმისათვის, რომ მას ვუმკურნალოთ“, - განაცხადა ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარემ კახა წიქარიშვილმა. მან და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის სხვა წევრებმა 4 ივნისს პარლამენტს რეზოლუციით მიმართეს, რომლითაც მათ მოითხოვეს სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის დოკუმენტურად დადასტურება.
18-მა იურისტმა დოკუმენტი პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა.
„ამ რეზოლუციაში წერია, რომ სასამართლოს მთავარი დაავადება ეს არის კლანური მმართველობა, რაც არის სასამართლოში, ეს არის იქ გავრცელებული ჩვევები, ტრადიციები და იქ არსებული ვითარება ზოგადი, რაც საშუალებას არ იძლევა, რომ სასამართლო სისტემა თავად გაჯანსაღდეს,“ - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
მისი კოლეგის, კახა კოჟორიძის განცხადებით კი, სწორედ პარლამენტმა უნდა შეაფასოს ის მძიმე მდგომარეობა, რაც არსებობდა მართლმსაჯულების სისტემაში და დღემდე არსებობს.
„გავიდა 7 წელი და საქართველოს პარლამენტს არც წინა მოწვევისას და არც ამჟამინდელს არ მიუცია შეფასება იმისა, თუ რა ხდებოდა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში. ჩვენ ძალიან მაღალი მოლოდინი იმისა, რომ ამ რეზოლუციის პროექტს ექნება საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერა არ გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად ამ რეზოლუციას ექნება თავისი პოლიტიკურ-სამართლებრივი მნიშვნელობა,“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
იურისტების ინიციატივას 4 ივნისს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მისთვის გაუგებარია, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თანამშრომელი, კახა წიქარიშვილი რატომ არ საუბრობდა პრობლემაზე მაშინ, როცა თანამდებობაზე ყოფნის დროს პრობლემებზე, თუ ის რეალურად არსებობდა.
„ჯობს თანამდებობებზე ყოფნის დროს ვიომოთ, ვიბრძოლოთ, თუ ხმა არის ამოსაღები, ხმა ამოვიღოთ და უკვე თანამდებობიდან წასული ადამიანის გამალებული ბრძოლა ჩემში მხოლოდ ღიმილს იწვევს... მე ამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვამბობ, სერიოზულად არ აღვიქვამ, რადგან ისინი ჩემთვის პოლიტიკური პარტიები არიან,“ - აღნიშნა თეა წულუკიანმა.