ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან ასლან ბჟანია მეორე თვეა მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში რჩება. მის ოფიციალურ დიაგნოზს ექიმები პაციენტის თანხმობის გარეშე არ ასახელებენ.
აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბჟანია მოწამლეს, რადგან მოქმედი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას დამარცხების რეალური შანსი აქვს. თავის მხრივ, ხაჯიმბას ხელისუფლება ირწმუნება, რომ რუსმა ექიმებმა ასლან ბჟანიას მოწამვლის ვერსია არ დაადასტურეს. ბჟანია სოხუმიდან მოსკოვში მაისის დასაწყისში გადაიყვანეს.
ოპოზიციის წარმომადგენელმა, მიხეილ ლოგუამ 4 ივნისს, სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ მოსკოვში ესაუბრა ბჟანიას ნათესავებს, რომლებიც ექიმებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება და ასლან ბჟანია სრულად გამოჯანმრთელდება.
ბჟანიას ავადმყოფობის გამო, ხაჯიმბას ოპოზიციამ 20 მაისს მოითხოვა ე,წ, საპრეზიდენტო არჩევნების 21 ივლისიდან 23 ნოემბრამდე გადადება. უარის შემდეგ ოპოზიციამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და საპროტესტო აქციები დაიწყო რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით. თავის მხრივ, დე ფაქტო პრეზიდენტი ოპოზიციას ბრალს სდებდა ხელისუფლების მიტაცების მცდელობაში.
22 მაისს, ხაჯიმბამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას ე.წ. არჩევნების 21 ივლისიდან 25 აგვისტოსთვის გადატანის შესახებ. კანდიდატების წარდგენა 26 ივნისიდან დაიწყება.