10 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დასაბრუნებლად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით თბილისში იმყოფება მისი წარმომადგენელი ბავშვთა უფლებების საკითხებში ნიკოლაი კულება.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კულება შეხვდა საქართველოს გენერალური პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და განიხილა ხმელნიცკის ოლქის მცხოვრები სუსლიაკების ოჯახის ბავშვების სამშობლოში დაბრუნების საკითხი.
ზელენსკის ადმინისტრაციას მოჰყავს კულებას სიტყვები, რომ წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამჟამად მიმდინარეობს საჭირო დოკუმენტების გაფორმება.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, საქართველოში იმყოფება ხმელნიცკის ოლქის ადმინისტრაციაში ბავშვთა საქმეების სამსახურის ხელმძღვანელიც, რომელიც უფლებამოსილია უკრაინაში დაბრუნების დროს ბავშვებს თანხლება გაუწიოს.
ქართველმა სამართალდამაცვებმა უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი 25 აპრილს დააკავეს. ის 10 ბავშვთან ერთად იმყოფებოდა ზუგდიდში, საიდანაც ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფ ქმართან გამგზავრებას გეგმავდა. ინტოქსიკაციის გამო ბავშვები საავადმყოფოში აღმოჩნდნენ. სამართალდამცავებს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც დოკუმენტების შემოწმებით გაირკვა, რომ რამდენიმე ბავშვი ერთსა და იმავე წელსაა დაბადებული.
იულია სუსლიაკს ბრალი წაუყენეს არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მუხლით. 27 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ სუსლიაკს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და თავიდანვე აცხადებდა, რომ ყველა ბავშვი მისი ქმრის ბიოლოგიური შვილია.
5 ივნისს, იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ მიიღო სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, იულია სუსლიაკის მიერ საქართველოში ჩამოყვანილი 10-ივე ბავშვი მისი ქმრის ბიოლოგიური შვილია, მათგან 4-ის ბიოლოგიური მშობელი იულია სუსლიაკია.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებულია ცნობაც იმის შესახებ, რომ 2018 წელს სუსლიაკები ოჯახის უფროსის ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემების გამო საცხოვრებლად რუსეთში გადავიდნენ, ერთი წლის შემდეგ კი, სავარაუდოდ, საიმიგრაციო რეჟიმის დარღვევის გამო, იძულებული გახდნენ რუსეთი დაეტოვებინათ. ზელენსკის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ოჯახის უფროსი იური სუსლიაკი მოსკოვიდან აფხაზეთში გაემგზავრა სოჭის გავლით, რითიც დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და პატიმრობა ემუქრება, ხოლო იულია სუსლიაკო ბავშვებთან ერთად ჯერ თბილისში, შემდეგ კი ზუგდიდში ჩავიდა, თუმცა, ნებართვის მიუხედავად ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ მოხვდა.